საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დასახელდა

27 აგვისტო, 2026

 
საქართველოს ბანკი Global Finance-ის მიერ საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დასახელდა
 

საქართველოს ბანკი კვლავ აღიარებულია საერთაშორისო ასპარეზზე. გავლენიანმა ფინანსურმა გამოცემა Global Finance-მა ის საქართველოში საუკეთესო UX დიზაინის მქონე სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დაასახელა. ეს პრესტიჟული ჯილდო ბანკს „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების“ 2026 წლის დაჯილდოების ფარგლებში გადაეცა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის ლიდერობას ციფრული საბანკო სერვისების სფეროში. პირველ ეტაპზე, საქართველოს ბანკმა შთამბეჭდავი 33 ნომინაცია მოიგო, როგორც რეგიონულ, ისე ქვეყნის მასშტაბით, როგორც სამომხმარებლო, ისე ბიზნეს მიმართულებებით.

ამ წარმატების საყრდენი ბანკის უნიფიცირებული დიზაინის სისტემაა, რომელიც ყველა ციფრულ არხს ერთიან ვიზუალურ კონცეფციაში აერთიანებს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას დინამიური შრიფტის ზომებით, ოპტიმიზებული კონტრასტით, მიმზიდველი ანიმაციური ელემენტებითა და სხვა დეტალებით, რაც მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს. მომხმარებლებისთვის 24/7 ხელმისაწვდომია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ჩატბოტი მობილბანკში, რომელიც მომართვების 72%-ს ოპერატორის ჩარევის გარეშე წყვეტს. გარდა ამისა, მთავარი გვერდის პერსონალიზაციის ფუნქციონალი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, აპლიკაცია საკუთარ საჭიროებებზე მოარგონ.

როგორც საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ანა სარალიძემ აღნიშნა, ბანკისთვის საამაყოა საუკეთესო UX დიზაინის სტატუსის მოპოვება. „ჩვენი მთავარი მიზანია, მომხმარებელს შევუქმნათ მაქსიმალურად მარტივი, ინტუიციური და თანმიმდევრული გამოცდილება ყველა ციფრულ არხში. ერთიანი დიზაინსისტემა გვაძლევს საშუალებას, ნებისმიერი სიახლე ერთდროულად და მაღალი ხარისხით მივაწოდოთ თითოეულ მომხმარებელს. ვფიქრობთ, ამ ნომინაციაში გამარჯვებას, ისევე, როგორც გასული ორი წლის განმავლობაში მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოს მიღებას, სწორედ ის უმაღლესი დონის გამოცდილება განაპირობებს, რასაც ჩვენი მომხმარებლები ციფრულ სივრცეში იღებენ“, – განაცხადა სარალიძემ.

Global Finance უკვე 27 წელია მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს ავლენს. გამარჯვებულები მკაცრი კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან, მათ შორის: ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, ციფრული სერვისების გამოყენების ინტენსივობა, მომხმარებელთა ზრდის ტემპი, პროდუქტების მრავალფეროვნება, ვებ და მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი. გამარჯვებულებს ტექნოლოგიური გიგანტის, Infosys-ის ექსპერტთა ჟიური აფასებს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის რედაქტორები იღებენ.

1987 წელს დაარსებული Global Finance 196 ქვეყანაში 50,000-ზე მეტ მკითხველს აერთიანებს და რეგულარულად აჯილდოებს საუკეთესო ბანკებსა და ფინანსური სერვისების პროვაიდერებს. მისი ჯილდოები გლობალური ფინანსური საზოგადოებისთვის სანდოობისა და უმაღლესი სტანდარტის ნიშნად ითვლება.