უკრაინამ რუსეთის ნავთობქარხნებსა და სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია – ხანძარი და აფეთქებები

30 აგვისტო, 2026

 
უკრაინამ რუსეთის ნავთობქარხნებსა და სამხედრო აეროდრომს დრონებით შეუტია – ხანძარი და აფეთქებები
 

გასულ ღამეს, 30 აგვისტოს, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მასშტაბური იერიში განახორციელეს, სამიზნეში ამოიღეს ლენინგრადის ოლქში მდებარე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და კრასნოდარის მხარეში განლაგებული სამხედრო ავიაბაზა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული და უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ.

არსებული ცნობებით, ლენინგრადის ოლქის ქალაქ კირიშში, სადაც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი საწარმოა განთავსებული, უკრაინული დრონების დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ დაადასტურა „დრონის ჩამოვარდნა“ კირიშის რაიონის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიახლოვეს, რასაც ცეცხლის გაჩენა მოჰყვა. მისივე განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ამ რეგიონში 62 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება შეძლეს.

პარალელურად, უკრაინულმა შენაერთებმა იერიში მიიტანეს კრასნოდარის მხარის ქალაქ ეისკში არსებულ სამხედრო ავიაბაზაზეც. თვითმხილველთა მონაცემებით, ქალაქში რამდენიმე ძლიერი აფეთქება დაფიქსირდა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობაში განგაში გამოიწვია.

დრონების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა სმოლენსკის ოლქშიც, რაც ადგილობრივმა გუბერნატორმა ვასილ ანოხინმა დაადასტურა. ამასთანავე, აფეთქებების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა ბრიანსკის ოლქიდანაც, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას ამ ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.