ქარის ელექტროსადგურების გამომუშავებულ ენერგიას საქართველოს შიდა ქსელი მოიხმარს

 
ქარის ელექტროსადგურების გამომუშავებულ ენერგიას საქართველოს შიდა ქსელი მოიხმარს
 
გორის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარის ელექტროსადგურებს აშენებენ, რომლებიც ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევა. როგორც „ლიბერალს" ენერგეტიკის სამინისტროში უთხრეს, ტერიტორიაზე 3,5 მეგავატი სიმძლავრის 6 ტურბინა განთავსდება. პროექტი სახელმწიფოს ინიციატივით მომზადდა და მისი ბიუჯეტი 30 მლნ დოლარია, საიდანაც 24 მლნ EBRD-ის დაბალპროცენტიანი სესხია.  „სადგურის დადგმული სიმძლავრე 20,7  მეგავატია, წლიური გამომუშავება იქნება 88 მლნ.კვტ.სთ; 1 კვტ.სთ ელ. ენერგიის ღირებულება კი - 6,89 აშშ ცენტი. ელექტროენერგიის კომერციული ოპერატორი 10 წლის განმავლობაში წლიური მოცულობის სრულ გენერაციას შეიძენს", - ამბობენ ენერგეტიკის სამინისტროში. გამომუშავებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ქსელს მიეწოდება და შიდა მოხმარების დასაკმაყოფილებლად გამოიყენება. სამინისტროში განმარტავენ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში, ქარის ელექტროსადგურში გამომუშავებული ენერგია საერთო მოხმარების 1%-ს შეადგენს.  „საქართველოს ქარის ენერგიის საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს. დღესდღეობით გაფორმებულია რამდენიმე მემორანდუმი, რომელიც კვლევის ეტაპზეა. ანალოგიური პოტენციალი აქვს შემდეგ ტერიტორიებს: რიკოთის მიმდებარე, ასევე იმერეთის, კერძოდ, საჩხერის მიმდებარე ტერიტორიას, ქართლს და სხვა", - უთხრეს „ლიბერალს" სამინისტროში.