კახა კალაძე - კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებულ 2 500-მდე ოჯახს ბინას m² აუშენებს

 
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია სვეტის მიერ დაზარალებულ 2 500-მდე ოჯახს ბინებს m² აუშენებს. ამის შესახებ კალაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. კომპანია m² „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს. ესენია, მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა და ჭყონდიდელის ქუჩის #22. სამივე პროექტი 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს. ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m²-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m²-ს მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.  მშენებლობა დაიწყება პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.