სექსუალური ხასიათის იძულებისთვის ბრალდებულს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
20 ნოემბერი, 2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის იძულებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წელს ლ.ც.-მ უკანონოდ მოიპოვა ი.ყ.-ს პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა და დაზარალებულის მეგობრებს გადაუგზავნა. ლ.ც. ასევე დაზარალებულს აღნიშნული მასალის სოციალურ ქსელში გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა.
სამართალდამცველებმა ლ.ც. 2019 წლის 7 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 139-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის იძულება) და 1571-ე მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა, ე.ი. პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა და გავრცელება) წარუდგინა. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.