რელიგიური ახალგაზრდობა

 
რელიგიური ახალგაზრდობა
 
კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე რელიგიურები ახალგაზრდები არიან 18-24 ასაკობრივი ჯგუფი უფროსი თაობის ადამიანებთან შედარებით უფრო რელიგიური და სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ უფრო ნაკლებად შემწყნარებელია. ისინი უფრო გახსნილები არიან სექსუალური და ეთნიკური უმცირესობის მიმართ და ეთანხმებიან გენდერული თანასწორობის იდეებს, თუმცა რელიგიის სფეროში ნაკლებად ტოლერანტულ განწყობებს ამჟღავნებენ. სოციოლოგი და ამავე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ხატია ნადარაია კვლევის ამ მონაცემს ადამიანური განვითარების ინდექსთან კორელაციით ხსნის. “მსოფლიო ღირებულებების კვლევა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტარდება, აჩვენებს, რომ ქვეყნებში სადაც ადამიანური განვითარების ინდექსი დაბალია, ამაში იგულისხმება სიცოცხლის ხანგძლივობა, განათლება, ლიტერატურულობა, სიღარიბე და გაჭირვება ანუ  განვითარებადი ქვეყნები დაბალი სეკულარიზებულ-რაციონალური ღირებულებებითა და თვითგადარჩენისადმი მიდრეკილების მაღალი ტენდენციით ხასიათდებიან.” - ამბობს ნადარაია.  მისი აზრით, ეკლესიურობა ახალგაზრდებისთვის საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალებაა. “ეკლესიურობა რესურსია, იმისათვის რომ საზოგადოების დომინანტურ ნორმებთან ადაპტირდე და მისაღები იყო. ითვლება, რომ თუ მორწმუნე ხარ “პატიოსანი ხარ”, “კარგი ხარ”, “მისაღები ხარ”.  ამ კვლევაში ვეთანხმები, რომ მრევლის წევრობა იდენტობის გარკვეულ საფუძვლად იქცა. ეკლესია ყველასთვის მისაწვდომია, პოლიტიკისა, სხვადასხვა სიკეთეები, თუნდაც გართობის სხვადასხვა ფორმები - არა. ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც საზოგადოებრივი სფეროდან გამორიცხულ ყველა ადამიანს აერთიანებს. ეკლესიაც საზოგადოებრივ სფეროა საკრალური ფუნქციებით.” - ამბოს ხატია ნადარაია. ნადარაიას თქმით, მის თაობას სოციალური მობილობისა და დაწინაურების შანსები თითქმის არ ჰქონდა. ერთადერთი სივრცე, რომელიც მყარი და მათთვის გახსნილი იყო, ეკლესიაა. აქვე ახერხებდნენ თვითგამოხატვასაც. თვითგამოხატვის სხვა ფორმების გავრცელებისათვის სათანადო ინფორმაციაზეც ძნელად მიუწვდებოდათ ხელი.  “გარდა იმისა, რომ საქართველო ტრადიცული ქვეყანაა და გამოხატვისათვის ტრადიციული გზებს ირჩევენ, სხვადასხვა სუბკულტურების შესახებ ინფორმაციაც არ იყო - "როკერები" და "ემოები"  თბილისში იყვნენ თავმოყრილი და საბოლოოდ, ელიტისტურ ვიწრო ჯგუფებად ჩამოყლიბდნენ - ამბობს ნადარია. ილიაუნის პროფესორი სერგო რატიანი რელიგიურობას პოსტსაბჭოთა კონტექსტით ხსნის. მისი თქმით, მოსაზრება, რომ მოდერნიზმთან ერთად სეკულარიზაციის ხარისხი იზრდება, 70-იან წლებში უარყვეს. დაიწყო რელიგიის დაბრუნება და ეს განსაკუთრებულად გამოკვეთილი პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო. აქ მართლმადიდებლობა თუ რელიგიურობა თავისი არსით რელიგიურობა არაა. ყოველდღიური პრაქტიკები და ცხოვრების წესი დეკლარირებულ რელიგიურობასთან შესაბამისი არ არის, ეს ტრადიციის გაგრძელებაა. “რაც შეეხება რწმენას, ეს არის ნებელობითი აქტი, რომელიც თავისუფალ არჩევანს გულისხმობს, ანუ მე ვირჩევ რაღაც სინამდვილეს და არა სინამდვილე მე.” - წერს რატიანი ნაშრომში “რამდენიმე შენიშვნა ქართველების რელიურობასა და ტრადიცულობის შესახებ". რატიანი რელიგიურობის ზრდას განათლების სისტემისა და სხვადასხვა ინსიტუტების მოშლასთან აკავშირებს. ხატია ნადარაიაც თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესიის, როგორც ყველაზე სტაბილური და ძლიერი ინსტიტუციის არსებობა მოსახლეობაზე შებასამისად აისახა. “ახალგაზრდები დაიბადნენ მაშინ, როდესაც ჰიბრიდული რეჟიმი იყო, სოციალიზმი სრულდებოდა, კაპიტალიზმი თავისი ფორმით არ არსებობდა. ყველაზე მეტად გაურკვევლობას იქმნება, როდესაც არ არსებობს ჩამოყალიბებული თამაშის წესები, ინსტიტუტები. ამ დროს ეკლესია უსაფრთხოების განცდის წყაროა. - ამბობს ნადარაია. ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სეკულარულ ღირებულებებს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია არსებობს. კეთილდღეობის სახლემწიფოებში სეკულარიზებულ-რაციონალურ ღირებულებები ყველაზე მაღალია. "ასეთია ნორვეგია, დანია ანუ ე.წ. “კეთილდღეობის სახლემწიფოები”. ყველაზე ქვემოთ არის ისლამური ქვეყნები, შემდეგ სამხრეთ აფრიკის ქვეყნები, კათოლიკური ევროპა. ქართველი ხალხი ავთენტურად “ბნელი” და მორწმუნე არაა, ეს გარემოს “დამსახურებაა”. ” - ამბობს ხატია ნადარაია და ახალგაზრდების რელიგიურობას ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან აკავშირებს.