საზოგადოებრივი მაუწყებლობის რაობა, ძირითადი პრინციპები და ამოცანები

 
საზოგადოებრივი მაუწყებლობის რაობა, ძირითადი პრინციპები და ამოცანები
 
"მხოლოდ ობიექტური ჭეშმარიტების შეუზღუდავი ძიების გარემოში, იდეებისა და ცოდნის თავისუფალი გაცვლის პირობებში შეიძლება საერთაშორისო მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და მდგრადი განვითარების მიღწევა". დოქტორი აბდულ ვაჰიდ ხანი, იუნესკოს გენერალური დირექტორის მოადგილე კომუნიკაციისა და ინფორმაციის დარგში, (2003)   წინასიტყვაობა 2003 წელს, ჟენევაში, ელექტრონული მედიასაშუალებების მსოფლიო ფორუმზე, რომელიც საზოგადოებრივი (საჯარო) მაუწყებლობის პრობლემებს მიეძღვნა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ: "თანამედროვე გლობალისტურ სამყაროში, რომელიც იმყოფება ტექნოლოგიური, კომერციული, პოლიტიკური და კულტურული ფაქტორების ერთდროული და მძლავრი წნეხის ქვეშ, როდესაც რადიო და ტელევიზია მთლიანად განმსჭვალულია კომერციული და პოლიტიკური ინტერესებით, საზოგადოებრივი (საჯარო) მაუწყებლობის სამსახური წარმოადგენს ორიენტირს ყველა დანარჩენი მაუწყებლისათვის" (Public servis broadcasting: a best practices sourcebook,  UNESCO, 2006) , ის წარმოადგენს კომერციული, თუ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედი მედიის ერთადერთ ალტერნატივასა და ჯანსაღი საზოგადოების საყრდენს. ბრიტანელი მედია-ექსპერტი და მეცნიერი, ენტონი სმიტი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ "ბოლო ასწლეულში, შესაძლოა, სწორედ საზოგადოებრივი (საჯარო) მაუწყებლობის სამსახური იქცა სოციალური დემოკრატიის უმთავრეს იარაღად" (Anthony Smith. Public broadcasting: Why? How? UNESCO/ WRTVC, 2001),  ვინაიდან იგი არა პარტიებსა და კორპორაციებს, არამედ თავისუფალ მოქალაქეებს, კულტურასა და დემოკრატიას ემსახურება. ცხადია, დემოკრატიული ქვეყნის აშენება შეუძლებელია მხოლოდ პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტების ძალისხმევით. ეს მიზანი მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუკი მთელ საზოგადოებას კარგადა აქვს გაცნობიერებული დემოკრატიული ფასეულობების მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის და აქტიურადაა ჩართული დემოკრატიული აღმშენებლობის პროცესში. მაგრამ ამისათვის საზოგადოების თითეულ წევრს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ობიექტურ ინფორმაციასა და ცოდნაზე, ეკონომიკური სტატუსისა და სოციალური წარმომავლობის მიუხედავად. აქედან გამომდინარე, თავისუფალ მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებულ საჯარო მაუწყებლობას კიდევ უფრო დიდი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება პოსტტოტალიტარული საზოგადოებების, გარდამავალი ეკონომიკისა და არამდგრადი დემოკრატიების პირობებში. წლების მანძილზე საქართველოში "საზოგადოებრივ მაუწყებლად" იწოდებოდა მედიასაშუალება, რომელიც პრაქტიკულად ერთპარტიული პროპაგანდის ინსტრუმენტს წარმოადგენდა. დიდ მიღწევად ითვლებოდა თუ წინასაარჩევნოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს მეტ-ნაკლებად თანაბარი საეთერო დრო ეძლეოდათ. მაშინ არავის დაუსვამს კითხვა - კი მაგრამ, რა კავშირი აქვს ამ ართმეტიკულ ბალანსს, ყოველდღიურ უაზრო ფუსფუსსა და კინკლაობას საზოგადოებრივი (საჯარო) მაუწყებლობის მისიასთან, მის პრიციპებთან და ამოცანებთან, კულტურასთან და დემოკრატიასთან? ბუნებრივია, ძალზე რთულია ამ ტოტალიტარული ინერციის დაძლევა და გააზრება იმისა, თუ რა შორს დგას ჩვენი საზოგადოებრივი (საჯარო) მაუწყებლობის სამსახური იმ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისგან, რაზედაც ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყნების მოქალაქეები დიდი ხანია შეთანხმებული არიან. კიდევ უფრო რთულია ამ პრინციპების მორგება ეროვნულ სხეულზე, როგორც ეს მრავალ ქვეყანში მოხერხდა. ჩვენ ვერავინ მოგვცემს მზა რეცეპტს, თუ რა შინაარსიით ავავსოთ სამაუწყებლო ბადე, რა წესით ავირჩიოთ სამეთვალყურეო საბჭო, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ ტელევიზიის მმართველი თანამდებობის პირები და ა.შ. ამისთვის, პირველ რიგში, საჭიროა ნათლად ვხედავდეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიზანსა და მისიას. წინამდებარე ტექსტი სწორედ ამის მცდელობას წარმოდგენს. მას არა აქვს პრეტენზია ორიგინალობაზე, ვინაიდან მთლიანად ეყრდნობა საერთაშორისო დოკუმენტებსა და პუბლიკაციებს, ცალკეული ქვეყნების სპეციფიკურ გამოცდილებასა და სხვადასხვა დარგის ექსპერტებთან ჩატრებულ კონსულტაციებს, რისთვისაც მათ უღრმეს მადლობას ვუხდით.   1. პრეამბულა • საზოგადოებრივი მაუწყებლობა წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის ინფორმირების, განათლებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვის სამსახურს, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი სახელმწიფო და კომერციული გავლენებისაგან. • ეს არის ქვეყნის ყველა მოქალაქის მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული, დემოკრატიული და სოციალური ფასეულობების მუდმივ დომინირებას ცალკეული ჯგუფების პოლიტიკურ და კომერციულ ინტერესებზე. • საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმართავს ქვეყნის მთელ მოსახლეობას და არა ვიწროპარტიულ აუდიტორიას, იგი ორიენტირებულია თავისუფალ მოქალაქეებზე და არა მომხმარებელზე. და ხელს უწყობს თავისუფლებაზე დამყარებული სისტემის ჩამოყალიბებას. • იგი პასუხობს საზოგადოების ყველა სეგმენტის, ასაკობრივი და პროფესიული ჯგუფის, რეგიონების მოსახლეობის და, აგრეთვე, უმცირესობების სოციალურ, კულტურულ, ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. • საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელს უწყობს სამოქალაქო მშვიდობას, კონსოლიდაციას, უნივერსალურ ფასეულობებზე დამყარებული ეროვნული კულტურის განვითარებას, ეროვნული იდენტობისა და ქვეყნის კულტურული სუვერენიტეტის დაცვას. • ამავე დროს, მისი მანდატი არ შემოისაზღვრება მხოლოდ მოსახლეობის ინფორმირებითა და კულტურული განვითარებით. იგი უნდა აცხოველებდეს მაყურებლის წარმოსახვას და გარკვეული დოზით ემსახურებოდეს აუდიტორიის გართობასაც. თუმცა, კომერციული არხებისაგან განსხვავებით, საზოგადოებრივი ტელემაუწყებლის გასართობი პროგრამებიც საბოლოო ჯამში უნდა ემსახურებოდნენ ცოდნის ჰორიზონტის გაფართოებას, კრიტიკული აზროვნების სტიმულირებას, თვითშემეცნებასა და გემოვნების ამაღლებას. 2. ძირითადი პრინციპები 2.1. საყოველთაობა. საზოგადოებრივი მაუწყებლობა ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს თითეული მოქალაქისათვის სოციალური სტა¬ტუსისა და ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად. ამ თვალსაზრი¬სით, ის უნდა გახდეს დემოკრატიულობისა და ეგალიტურობის მაგალითი დანარჩენი მედიასაშუალებებისათვის. 2.2. დივერსიფიკაცია. საზოგადოებრივი მაუწყებლობის სერვისი, სულ ცოტა სამი მიმართულებით უნდა იყოს დივერსიფიცირებული: პროგრამების შინაარსის, მიზნობრივი აუდიტორიისა და განსახილველი თემის კუ¬თხით. იუნესკოს კრებული: "საჯარო მაუწყებლობის სამსახური: საუკეთესო გამოცდილებათა ცნობარი" (2006), შეიცავს პირდაპირ რეკომენდაციას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა უნდა ასახავდეს საზოგადოებრივ ინტერესთა მრავალფეროვნებას და მაყურებელს სთავაზობდეს პროგრამების ფართო სპექტრს, საინფორმაციო, შემეცნებითი და გასართობი გადაცემების ჩათვლით. ამავე დროს, ზოგიერთი პროგრამა შესაძლოა გათვლილი იყოს მხოლოს აუდიტორიის მცირე ნაწილზე, რომლის ინტერესებიც როგორც წესი, იგნორირებულია კომერციული არხების მიერ. საბოლოო ჯამში, საზოგადოებრივი მაუწყებლობა უნდა აკმაყოფილებდეს ყველას მოთხოვნილებებს არა რომელიმე ცალკე აღებული პროგრამის ფარგლებში, არამედ სხვადასხვა გადაცემათა ერთობლიობაში. განსახილველად შეთავაზებული სიუჟეტების მრავალფეროვნება საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალებას აძლევს რეაგირება მოახდინოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ყველა თემაზე და ასახოს ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აღელვებს. 2.3. დამოუკიდებლობა. საზოგადოებრივი მაუწყებლობა, ეს არის სივრცე, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ინფორმაციის, განსხვავებული იდეებისა და შეხედულებების თავისუფალი გაცვლა. ბუნებრივია, ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელია, თუ მაუწყებელი თავისუფალია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, სახელმწიფოს და, ნებისმიერი კომერციული გავ-ლენისაგან. იმ შემთხვევაში, თუ მასზე ზეწოლას ახდენს სახელმწიფო, მაუწყებელი კარგავს მაყურებლის ნდობას. ანალოგიურად, თუკი არხი აუდიტორიას სთავაზობს კომერციული მედიასაშუალებების მსგავს პროდუქტს, მაშინ მოქალაქეებისათვის გაუგებარი ხდება, რატომ ფინანასდება ეს ორგანიზაცია მისი ჯიბიდან ამოღებული ფულით. 2.4. ცნობადობა. პროგრამირების სპეციფიკიდან, მაღალი ხარისხიდან და გადაცემების ხასიათიდან გამომდინარე, მყურებლებს არ უნდა უჭირდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროდუქტის იდენტიფიცირება, ის ადვილად უნდა ხვდებოდეს განსხვავებას კომერციულ და საჯარო მაუწყებლობას შორის. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ ხარისხზე ან ისეთი თემების გაშუქებაზე, რასაც სხვები, კომერციული ან სხვა რაიმე თვალსაზრისით, არამომგებიანად მიიჩნევენ და გვერდს უვლიან. პირველ რიგში, განსხვავებული უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელის მიდგომა გასახილველ თემებთან, რაც გულისხმობს გამომგონებლობას, შემოქმედებითობას, ახალი ჟანრების შექმანს, უჩვეული რაკურსში დანახული ფენომენების მიტანას აუდიტორიამდე, მაღალ სტანდარტებზე და ინივაციაზე დამყარებული კონკურენციის შეთავაზებას აუდიო-ვიზუალურ სამყაროში მოქმედი სხვა მაუწყებლებისათვის. 3. ამოცანები (ევროპის საბჭოსთან არსებული დამოუკიდებელ ტელემაუწყებლთა კომისიის - The Council of Europe’s Independent Television Commission  კრიტერიუმების მიხედვით) საზოგადოებრივი მაუწყებლი უნდა: • მოიცავდეს ქვეყნის მთელს ტერიტორიას და იყოს საყოველთაოდ ხელმისაწვდომი, რაც მიიღწევა ნულოვანი, ან ძალიან დაბალი გადასახადით სიგნალის მიღების ადგილზე. • უზრუნველყოფდეს საზოგადოების ყველა სეგმენტის აქტიურ ჩართულობას, რისთვისაც აუცილებელია, რომ მისი სამაუწყებლო ბადე შეიცავდეს პროგრამების ფართო სპექტრს, რომელიც პასუხობს საზოგადოების მრავალფეროვან ინტერესებს. • აწესებდეს და იცავდეს უმაღლეს ტექნიკურ და საწარმოო სტანდარტებს, რაც ადეკვატური დაფინანსებისა და თანხების ეფექტური ხარჯვის ინდიკატორი იქნება. • ესწრაფვოდეს ცნობადობას, სხვა არხებისგან თვალსაჩინო განსხვავებას, რაც ნოვატორული მიდგომების ძიებაში და ტელევიზიის, როგორც საინფორმაციო საშუალების მთელი შემეცნებით-საგანმანათლებლო პოტენციალის სრულად გამოყენებაში გამოიხატება. • მიდიოდეს შემოქმედებით რისკზე და ექსპერიმენტზე, არ ერიდებოდეს სამაყურებლო სტერეოტიპების შეცვლას და ავსებდეს კომერციულ მოგებაზე ორიენტირებულ მაწყებელთა ხარვეზებს. • ითვალისწინებდეს უმცირესობათა კულტურულ, ენობრივ, სოციალურ მოთხოვნილებებს; განსაკუთრებით ეს ეხება განათლებას (სპეციალური სასკოლო პროგრამები) და უნარშეზღუდულ მოქალაქეთა ხელშეწყობას. • პასუხობდეს რეგიონულ გამოწვევებს, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს, აშუქებს სხვადსახვა რეგინის მოსახლეთა პრობლემებს და აცნობს მათ ერთმანეთს. • მიზნად ისახავდეს უნივერსალურ ფასეულობებზე დამყარებული ეროვნული კულტურის განვითარებას, ეროვნული იდენტობისა და კულტურული სუვერენიტეტის შენარჩუნებას. • თვითონვე ქმნიდეს პროდუქციის უდიდეს ნაწილს, რომელიც პირველი ჩვენებისთვისაა გამიზნული.