C ჰეპატიტთან ბრძოლა კონკრეტული ციფრების გარეშე
C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად 2014 წლის ბიუჯეტში თანხები ცალკე გათვალისწინებული არ არის. “ლიბერალმა” 2014 წლის ბიუჯეტში C ჰეპატიტით დაავადებულთა პირთა მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ კითხვა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგენკოს გადაუგზავნა. რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავშირებას ცდილობდა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძესთან. თუმცა კითხვაზე პასუხი ვერ მიიღო.
რას გეგმავს მთავრობა და საკანონმდებლო ორგანო C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობის მიმართულებით, ჯერჯერობით უცნობია.
მიმდინარე წელს C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობაზე და ამ კუთხით გასატარებელი ღონისძიებების საჭიროებაზე ჯანდაცვის მინისტრს და აწ უკვე ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, არაერხელ უსაუბრიათ.
19 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს ახარა, რომ C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები მკურნალობას უფასოდ შეძლებენ.
"სოზარ სუბარი იმყოფება საზღვარგარეთ და მინდა, გაცნობოთ ერთი სასიხარულო ინფორმაცია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში C ჰეპატიტის მკურნალობა უფასო გახდება. ჩვენ მოვახერხეთ და საჭირო მედიკამენტები ძალიან იაფად შევიძინეთ. ამის შესახებ სოზარ სუბარმა გუშინ მითხრა. მე ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ადამიანია C ჰეპატიტით დაავადებული და გპირდებით, რომ C ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები მკურნალობას ძალიან მალე უფასოდ შეძლებენ", - განაცხადა ივანიშვილმა.
C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობაზე ზრუნვა სახელმწიფომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დაიწყო.
სფეროს ექსპერტები, აქტივისტები და პაციენტთა ჯგუფები იმედოვნებდნენ, რომ ეს პროცესი ციხეებს გასცდებოდა და უფრო მასშტაბური გახდებოდა. შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროს, დარგის ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორს შორის ეროვნული პროგრამის შემუშავების თაობაზე მიმდინარე წელს აქტიურად დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰეპა +” აღმასრულებელი დირექტორის, კოტე რუხაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ 2014 წლის ბიუჯეტში, სავარაუდოდ, C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა საჭიროებები გაითვალისწინა.
“პეჰატიტის პაციენტთა გაერთიანების” ხელმძღვანელის ირაკლი იმნაიშვილის თქმით, 2014 წლის ბიუჯეტში C ჰეპატიტთან ბრძოლის პროგრამა ცალკე მუხლად არ შევიდა, მაგრამ გაიზარდა ინფექციურ დაავადებებზე გამოყოფილი დაფინანსება და, სავარაუდოდ, ამ თანხის ნაწილი C ჰეპატიტის პროგრამას მოხმარდება. ირაკლი იმნაიშვილის თქმით, ექსპერტთა ჯგუფი და არასამთავრობოები, ჯანდაცვის სამინსიტროსთან ერთად, C ჰეპატიტის პროფილაქტიკის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის 3-წლიან პროგრამაზე მუშაობენ და 2014 წლის მარტში უნდა დადგინდეს, თუ რა რესურსია საჭირო კონკრეტულად C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისა და ანტივირუსული მკურნალობისთვის, თუმცა თუ პარლამენტმა სათანადო დაფინანსება არ გამოყო, აღმასრულებელი ხელისუფლება უძლური იქნება.
“როდესაც შევიტყვე, რომ 2014 წლის ბიუჯეტში C ჰეპატიტის მუხლი ცალკე პუნქტად არ იყო გამოყოფილი, ჯანმრთელობის დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმირტი ხუნდაძეს, იმეილი მივწერე. მეორე კვირაა პასუხი არ მიმიღია. თუ ასე გაგრძლედა, ღია წერილით მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს. საუბარია 200 000 ადამიანზე, რომელთა სიცოცხლე საფრთხეშია”, - ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.
ირაკლი იმნაიშვილის თქმით, C ჰეპატიტთან ბრძოლა მხოლოდ დაავადებულ პირთა მკურნალობაზე ზრუნვა არ არის და სახელმწიფომ ამ პრობლემაზე კომპლექსურად, რამდენიმე მიმართულებით უნდა იმუშაოს.
“მკურნალობის პარალელურად აუცილებელია, გადადების ახალი კერების აღმოფხვრა და პრევენციული საქმიანობა”, - ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.
ირაკლი იმნაშვილის თქმით, C ჰეპატიტით დაავადებულმა პირებმა, ვიდრე მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება, დაავადების მართვა უნდა ისწავლონ. სწორედ ამ მიზნით მან საკუთარ ბინაში “პეჰატიტის პაციენტთა გაერთიანება” შექმნა.
“ერთმა მეგობარმა საოფისე ავეჯი მაჩუქა. სილქნეტმა ოფასო სწრაფი ინტერნეტი მომცა და 8 სატელეფონო ხაზი გამოყო. ჩემს კოლეგებთან ერთად ავამუშავეთ უფასო ცხელი ხაზი - 2 904 400 - რომელმაც ექვს თვეში 2 000-ზე მეტ ადამიანს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ჰეპატიტის შესახებ. ევრაზიის ფონდმა ჩემი თბილისში მგზავრობა დააფინანსა და პირადად მე 180 ადამიანს უფასო ტრენინგი ჩავუტარე, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მართონ დაავადება, ვიდრე მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება. ახლა დეკემბერშიც ჩამოვდივარ, მინდა წელს კიდევ რამდენიმე ტრენინგის ჩატარება მოვასწრო. ივლისში USAID-იმ გადაცემა დააფინანსა და სამი ტელეკომპანიის ეთერში ("იმედი", "მაესტრო 24" და "მე9 არხი") ერთდროულად მოვამზადეთ გადაცემა C ჰეპატიტის შესახებ. როგორც ხედავთ, სურვილის შემთხვევაში ძალიან მცირე დროში შესაძლებელია ბევრი რამის გაკეთება”, - ამბობს ირაკლი იმნაიშვილი.
როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ, სახელმწიფომ C ჰეპატიტით დაავადებულ პირთა მკურნალობაზე ზრუნვა სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან დაიწყო. C ჰეპატიტის მკურნალობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ, მთავრობის დადგენილების მიხედვით, C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებისთვისთვის ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ვალდებულებას იღებენ, რომ C ჰეპატიტით დაავავდებულ 10 000 მოქალაქეს მედიკამენტები იმავე ფასად შესთავაზონ, რა ფასადაც პატიმრებს სთავაზობენ.
ტენდერით გათვალისწინებული საწყისი ფასი 109 დოლარიდან იწყებოდა. მინისტრი სუბარი ჯერ კიდევ ოქტომბერში იმედს გამოთქვამდა, რომ ინექციის ფასი 100 აშშ დოლარს ჩამოსცდებოდა და C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების ფასი სამოქალაქო საზოგადოებისთვის დაახლოებით, ორი მესამედით დაიკლებდა.
რამდენიმე კვირის წინ, ტენდერის შედეგის შესახებ სოციალურ ქსელებში ინფორმაცია არაოფიციალურად გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინექციის ფასი 100 აშშ დოლარს ჩამოსცდა და ეგვიპტის შემდეგ მსოფლიოში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასი აჩვენა.
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის თქმით, ტენდერში მონაწილე კომპანიამ დასახელებული 65$ ფასის უზრუნველყოფა ვერ შეძლო და ტენდერი ხელახლა გამოცხადდა.
“ველით, რომ ფასი სადღაც 65$-დან 99$-ს შორის იქნება დაფიქსირებული. ტენდერი სავარაუდოდ უახლოეს კვირაში გამოცხადდება”, - განუცხადა “ლიბერალს” არჩილ თალაკვაძემ.
პენიტენციურ სისტემაში C ჰეპატიტის პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში C და B ვირუსულ ჰეპატიტზე ქალ მსჯავრდებულებს გამოკვლევა უკვე ჩაუტარდათ. ერთი წლის განმავლობაში 10 000-ზე მეტი პატიმრის ტესტირება იგეგმება.
პროგრამის მეორე ფაზა C ჰეპატიტით დაავადებული პატიმრების მკურნალობას გულისხმობს. მკურნალობის ფარგლებში 2 წლის განმავლობაში მკურნალობა 1000 პატიმარს ჩაუტარდება. პაციენტები სპეციალური სამედიცინო კრიტერიუმების საფუძველზე შეირჩევიან.
საქართველოში ყოველი მე-14 მოქალაქე C ჰეპატიტითაა ინფიცირებული, ხოლო ვირუსის მატარებელი, უკანასკნელი კვლევების მიხედვით, 200 000-მდე ადამიანია. სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია სტრატეგია დაავადების სამკურნალოდ, არ ტარდება კვლევები ეპიდსიტუაციის რეალური სურათის დასადგენად. მიზეზი კი საბიუჯეტო თანხების სიმცირე და მკურნალობის სიძვირეა.
დღესდღეობით C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში „ინტერფერონისა“ და „რიბავირინის“ კომბინირებული კურსით ხდება. მკურნალობის სრული კურსის საფასური ვირუსის I და IV გენოტიპებზე 24 000 ლარს აღწევს, II და III გენოტიპის შემთხვევაში კი - 12 000 ლარს. პრეპარატებს, რომელიც საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება, მხოლოდ ორი კომპანია აწარმოებს. მონოპოლიური მდგომარეობა ფარმაკომპანიებს საშუალებას აძლევს მედიკამენტების მაღალი ფასების შესანარჩუნებლად.