რატომაა მნიშვნელოვანი მინდობით აღმზრდელთა მომზადება
რატომაა მნიშვნელოვანი მინდობით აღმზრდელების წინასწარი მომზადება და რა გულისხმობს ის?
მინდობით აღმზრდელების მომზადება ორი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი.
სწორად დაგეგმილი და განხორციელებული მომზადების პროცესი საშუალებას იძლევა, კიდევ ერთხელ შემოწმდეს მინდობით აღმზრდელის მოტივაცია, მისი ძირითადი ღირებულებები, რათა შემცირდეს ბავშვზე ძალადობის, მისი უგულვებელყოფის ან ექსპლოატაციის რისკი. მომზადების (ტრენინგის) პროცესი ერთგვარი დამატებითი ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ის ასევე ეხმარება პოტენციურ მინდობით აღმზრდელებს, რომ ბოლომდე გააცნობიერონ, რა საქმეს ეჭიდებიან, რა სახის პრობლემებთან მოუწევთ გამკლავება ან რა სახის სიკეთეებს (მორალურს, სულიერს თუ მატერიალურს) შეიძლება ელოდონ.
მომზადების შედეგად პოტენციური მიმღები მშობლები აღიჭურვებიან ცოდნითა თუ უნარ-ჩვევებით, როგორ აღზარდონ ბავშვი, რა არის მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის თითოეულ ეტაპზე, როგორ გაუმკლავდნენ რთულ ქცევას, რა შეიძლება იწვევდეს ამ სირთულეებს, როგორ უნდა მოახდინონ ბავშვთან კომუნიკაცია, როგორ წაახალისონ თუ დასაჯონ ბავშვი, როგორ მიუდგნენ ინდივიდუალურად, რა მნიშვნელობა აქვს ამას და ა.შ. შეიძენენ ყველა იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც ბიოლოგიურ მშობლებსაც არანაკლებ სჭირდებათ.
მე ამ ტრენინგების გავლის (მოსმენის) შემდეგ გავაცნობიერე, რამდენი შეცდომა მქონდა დაშვებული საკუთარი შვილის აღზრდისას და რამდენად უკეთესი მშობელი ვიქნებოდი (რამდენად უკეთ იგრძნობდა ჩემი შვილი თავს და რამდენად უკეთ შეძლებდა მის წინაშე არსებულ სირთულეებთან გამკლავებას) ის რომ მცოდნოდა, რაც ახლა ვიცი. ისინი ასევე ეცნობიან/სწავლობენ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემას, მის მიზნებს, მის ნაწილად ყოფნის მოთხოვნებს, ანგარიშვალდებულების თავისებურებებს, უფლებებსა და მოვალეობებს, ბავშვის უფლებებს.
არსებობს თუ არა კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ მომზადებული მინდობით აღმზრდელები უკეთ ართმევენ თავს ნაკისრ ვალდებულებებს?
არსებობს, უამრავი, ყველა არაქართული. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ თუ ბავშვის გაჩენამდე მომავალ მშობლებს მსგავსი მომზადება აქვთ გავლილი, ისინი უკეთესი მშობლები არიან და მათი შვილები უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, უფრო სტაბილურ ურთიერთობებს აყალიბებენ და უკეთ უმკლავდებიან სტრესს. კვლევები ადასტურებს ამ მომზადების აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ ამ მომზადების გარეშე ბავშვის მინდობით აღზრდაში ყოფნა ზრდის მასზე ძალადობის რისკს (მაშინ, როდესაც მინდობით აღზრდა სწორედ ძალადობის, უგულვებელყოფის, სხვა რისკების შემცირებას/აღმოფხვრას უნდა ემსახურებოდეს).
უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო მინდობით აღმზრდელთა მომზადებას?
საქართველოში არა! 2000 წლიდან დღემდე მიმღები მშობლების მომზადება არასამთავრობო სექტორის იმედად იყო. იყო მოკლე პერიოდი, 2002-2005 წლებში, როდესაც მიმღები მშობლების მომზადების ვალდებულება (მათი მოზიდვის, შერჩევისა და შეფასებასთან ერთად) სოციალურ მუშაკებს ეკისრებოდათ. სხვა ქვეყნებში (დასავლეთ ევროპა, აშშ - მგონი მხოლოდ საბერძნეთია გამონაკლისი) დაუშვებელია ბავშვის ისეთ ოჯახში ყოფნა, რომელსაც მომზადება არ გაუვლია. შეიძლება ეს ტრენინგები პროფესიული ასოციაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო კოპანიების მიერ იქნას მოწოდებული, თუმცა მათი ჩატარებისთვის საჭირო ფინანსები და ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულება ყოველთვის მთავრობას ეკისრებოდა.
როგორც ვიცი, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმის დასაწყისში არასამთავრობო სექტორი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით მინდობით აღმზრდელთა გადამზადებაზე ზრუნავდნენ. არსებობენ ორგანიზაციები, რომელთაც გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით. რამდენი წელია, რაც თქვენი ორგანიზაცია ამ მიმართულებით მუშაობს?
15 წელია, რაც ჩემი ორგანიზაცია მინდობით აღზრდის ინსტიტუტის/მომსახურების განვითარებითაა დაკავებული. ჩვენ ეს ინსტიტუტი დავამკვიდრეთ საქართველოში და ის მშობლის მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის ოჯახის ჩანაცვლების ძირითად ფორმად იქცა. გარდა, ე.წ. კლასიკური მინდობით აღზრდისა, ამ წლების მანძილზე ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაინერგა და განვითარდა მინდობით აღზრდის სხვა ფორმებიც: ნათესაური მინდობით აღზრდა, სპეციალიზებული მინდობით აღზრდა შშმ ბავშვებისთვის, გადაუდებელი მინდობით აღზრდა. 2011 წლიდან სპეციალიზებული მინდობით აღმზრდელების მომზადებაში ორგანიზაცია „საქართველოს ბავშვებიც“ ჩაერთო. ბავშვზე ზრუნვის სისტემის რეფორმისა და მისი ნაწილის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე მიმღები მშობლების მომზადება, რომელიც დაგეგმილი და სტრუქტურირებული ტრენინგის სახეს ატარებდა, ყოველთვის ჩვენი ორგანიზაციისა და მოგვიანებით ასევე „საქართველოს ბავშვების“ მიერ ხორციელდებოდა. რეფორმის სხვადასხვა ეტაპზე ამ მომზადებას/ტრენინგებს გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირი, აშშ-ს განვითარების სააგენტო აფინანსებდნენ. 2011-დან 2013 წლამდე დონორები მიმღები მშობლების მოძიების პროცესსაც აფინანსებდნენ.
დისკუსიაზე, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა, სოციალური სამსახურის წარმომადგენლმა ია შეყილაძემ თქვა, რომ თბილისში და არა მხოლოდ თბილისში ცოტაა მინდობით აღმზრდელობის მსურველი. რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო მინდობითი აღმზრდელების მოსაძიებლად?
ის უნდა ინარჩუნებდეს უკვე არსებულ და მომზადებულ გამოცდილ მიმღებ მშობლებს. არა მხოლოდ აკონტროლებდეს მათ, არამედ უსმენდეს, აანალიზებდეს მათ საჭიროებებს (უნარ-ჩვევების განვითარების, ბავშვის დამხმარე მომსახურებების, სირთულეების დაძლევის მიზნით) და ცდილობდეს მათ გადაჭრას; უნდა ეწეოდეს აქტიურ კამპანიას ყველა ეფექტიანი გზებით, რათა მოიზიდოს ახალი მიმღები მშობლები; ეწეოდეს კამპანიას მასობრივი მედიასაშუალებებით, რათა გააცნოს საზოგადოებას, თუ რას წარმოადგენს მინდობით აღზრდა და რა პლუსები აქვს მას ოჯახის ჩანაცვლების სხვა ფორმებთან შედარებით.
თბილისში 2 წლის წინ საკმარისზე მეტი მიმღები მშობელი იყო. მიკავშირდებოდნენ როგორც მათი ტრენერი ორგანიზაციის წარმომადგენელს და ბავშვის მიღებისთვის მუდმივად მზადყოფნას ადასტურებდნენ. მაშინ მე ძირითად პრობლემად მათი არასაკმარისად „გამოყენება“ მეჩვენებოდა. ძალიან ადვილია აღტკინებული მიმღები მშობლის დემოტივირება. უყურადღებობა დემოტივირების მთავარი ფაქტორია.
ხორციელდება თუ არა ჯეროვნად მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვთა ყოფისა და მდგომარეობის მონიტორინგი? რას აკეთებს ამ მიმართულებით სოციალური მომსახურების სააგენტო?
ვერ ვიტყოდი, რომ მინდობით აღზრდაში მყოფ ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგი ჯეროვნად ხორციელდება. კონკრეტულ საქმეზე პასუხისმგებელი სოც. მუშაკი ვალდებულია, თვეში ერთხელ მაინც ადგილზე მოინახულოს ბავშვი. ჩემი მიმღებ მშობლებთან ურთიერთობის პრაქტიკით თუ ვიმსჯელებ (შესაძლოა ეს არ იყოს რეპრეზენტატიული ოდენობა მთლიანად მინდობით აღზრდისა), სოც. მუშაკები უკეთეს შემთხვევაში ტელეფონით თუ ეხმიანებიან ხოლმე მიმღებ მშობლებს. მონიტორინგის ნაკლებობის, მხარდაჭერის და დახმარების არარსებობის და აქედან გამომდინარე პროფესიული გადაწვის პირობებში რისკები მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისთვის იზრდება .