1 ივლისიდან „ყველი“ მხოლოდ რძისგან დამზადებულ პროდუქტს შეიძლება დაერქვას

 
საქართველოს მთავრობის #152 დადგენილებაში შესული ცვლილების თანახმად, დასახელება „ყველი“ შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან. „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ შეტანილი ცვლილება 1 ივლისიდან შედის ძალაში. ცვლილების თანახმად, დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება. აგრეთვე ცვლილებები შეეხო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. აღნიშნული დასახელების გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არა უმეტეს 79%-ს შეადგენს. ამასთან, ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომ დაუშვებელია, ეტიკეტზე ტერმინ „კარაქის“ გამოყენება, მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტის წარმოებისათვის გამოყენებულია მცენარეული ცხიმი ან სხვა ცხიმი, გარდა რძის ცხიმისა.  „ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ბოლო პერიოდში, რძის ფხვნილის გამოყენებით ყველის წარმოებამ მასობრივი ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებდა ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს. ახალი რეგულაცია ხელს შეუწყობს როგორც მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი ბიზნესის ხელშეწყობას, ადგილობრივ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ზრდასა და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებას“-, განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნესოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. რძის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში 2015 წლის აგვისტოდან შევიდა, რომელიც ადგენს მოთხოვნებს რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტის მიმართ და აწესრიგებს ბიზნესოპერატორის მიერ რძის, რძის ნაწარმის და რძის შემცველი პროდუქტის წარმოებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს.