12 803 ჩაჭრილი მოსწავლე - რა შედეგები აჩვენა წლევანდელმა საატესტატო გამოცდებმა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 2017 წლის სკოლის საატესტატო გამოცდებზე 12 803 მოსწავლე ჩაიჭრა, რაც მონაწილეთა 27%-ია.
„ლიბერალმა“ ცენტრისგან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, წელს სკოლის დამამთავრებელ გამოცდებზე სულ 48 434 პირი დარეგისტრირდა, გამოცდებში მონაწილეობა 47 063-მა პირმა მიიღო, მათგან კი გამოცდები წარმატებით 34 260-მა პირმა დაძლია.
წლევანდელ საატესტატო გამოცდებზე სულ 13 941 პირი მონაწილეობდა ისეთი, რომლებიც ერთ საგანში მაინც გამოცდაზე განმეორებით გავიდნენ. მათგან 8 379 ჩაიჭრა, რაც განმეორებით გამოცდებზე გასულთა 60%-ია.
რაც შეეხება მონაცემებს საგნობრივ ჭრილში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, ყველაზე დაბალი მონაცემები ზუსტ და საბუნებისმეტყველო საგნებში ფიქსირდება, უფრო კონკრეტულად კი, ფიზიკაში მოსწავლეთა 55%-მა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ბიოლოგიაში -37%-მა, ქიმიაში კი 18%-მა.
უფრო დეტალური სტატისტიკა იხილეთ ცხრილში:
ცენტრში აცხადებენ, რომ რეგიონების ჭრილში მონაცემები ჯერ დათვლილი არ არის.
მათივე განმარტებით, წარმოდგენილი ინფორმაცია, ასახავს, მხოლოდ ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებს და მასში გათვალისწინებული არ არის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებული სკოლის გამოსაშვები გამოცდების შედეგები.
„ლიბერალმა“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან საატესტატო გამოცდების სტატისტიკური მონაცემები 2 ივნისს გამოითხოვა. 12 ივნისს კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან მივიღეთ პასუხი, რომ ჩვენს მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, (კერძოდ, რამდენი მოსწავლე დარეგისტრირდა გამოცდებზე; ამათგან რამდენმა ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი; როგორი იყო აღნიშნული მონაცემები საგნების მიხედვით და გამოცდებზე მონაწილეთაგან რამდენი იყო იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც განმეორებით გავიდნენ გამოცდებზე) სრული ინფორმაცია ცენტრს არ გააჩნდა. განმეორებით საჯარო ინფორმაცია საატესტატო გამოცდების სტატისტიკის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ცენტრისგან 16 ივნისს გამოვითხოვეთ.
მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით 21 მაისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 24 მაისს მათემატიკის გამოცდით დასრულდა. 25 მაისს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, რომ პირველადი მონაცემებით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა.
NAEC: საატესტატო გამოცდებზე ზღვარი 11 000-მდე მოსწავლემ ვერ გადალახა