13-14 ივნისს დაზიანებული ავტომობილებისთვის დაზარალებულები კომპენსაციას მიიღებენ

 
თბილისის საკრებულომ 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად განადგურებული და დაზიანებული  სატრანსპორტო საშუალებებისათვის, დაზარალებულ პირთათვის ფულადი დახმარების გაცემის წესი დაამტკიცა.  წესის თანახმად, ფიზიკური პირების მფლობელობაში არსებული დაზიანებული ავტომობილები ორ კატეგორიად იყოფა - პირველ კატეგორიაში შედის დაზიანებული ავტომობილები, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათასი აშშ დოლარი ( შესაბამისი ექვივალენტი ლარში ) და მეტია. ამ ავტომობილების მფლობელები ავტომობილების საბაზრო ღირებულების 70%-ს, ხოლო ავტომობილების, რომელთა საბაზრო ღირებულება 5 ათას აშშ დოლარზე (შესაბამისი ექვივალენტი ლარში) ნაკლებია, 100%-იან ანაზღაურებას მიიღებენ. რაც შეეხება მეორე კატეგორიას, მასში არასრულად განადგურებული ავტომობილები შედის, რომელთა მფლობელები, წესის მიხედვით, ავტომობილის საბაზრო ღირებულების 25 % მიიღებენ.