176 150-ლარიანი Toyota Land Cruiser-ით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ისარგებლებს

 
176 150-ლარიანი Toyota Land Cruiser საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ზაზა თავაძეს გადაეცა სარგებლობაში. ამის შესახებ „ლიბერალის" მიერ საკონსტიტუციო სასამართლოდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია აღნიშნული. 2 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ „ტოიოტას“ მარკის 3 ახალი ავტომობილი ჩანაცვლების წესით იყიდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული 3 ახალი ავტომანქანის შესაძენად სასამართლომ ჯამში  300 268 ლარი გადაიხადა - ფულადი სახით 221 768 ლარი, ხოლო დანარჩენი 78 500 ლარი ჩასანაცვლებელი ავტომობილებით დაიფარა. საკონსტიტუციო სასამართლოს Toyota Land Cruiser-ის შეძენა 176 150 ლარი დაუჯდა. Toyota Camry-ის ღირებულება 62 059 ლარია. საკონსტიტუციო სასამართლომ ორი camry - მოდელი იყიდა. საკონსტიტუციო სასამართლოს ცნობით, 2016 წლის დეკემბრიდან დაიწყო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტოპარკის განახლების პროცესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ უარი განაცხადა მის სარგებკლობაში არსებული 2 ავტომობილის გამოყენებაზე. „შესაბამისად სასამართლოს განახორციელა ამორტიზირებული ავტომობილების (რომელთა ექსპლუატაცია უკვე მოითხოვდა დიდ დანახარჯებს) Mercedes-Benz S500-ისა  და Toyota land Cruiser-ის ჩანაცვლება. მათ ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სარგებლობაში გადაეცა ერთი ერთეული ToYota Land Cruiser LC200. ხოლო სასამართლოს ბალანსზე რიცხული Hundai  და Toyota RAV4 ჩაანაცვლა ორი Toyota camry-ით, რომლებიც სარგებლობაში გადაეცათ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს“, - აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო.