2015-2016 წლებში მრავალბინიანი კორპუსების 57% ვაკე-საბურთალოს რაიონში აშენდა

 
თბილისში 2015 წლიდან დღემდე სულ 774 საცხოვრებელი ობიექტი აშენდა. აქედან, 177  მრავალბინიანი კორპუსია. ყველაზე მეტი მრავალბინიანი საცხოვრებელი ვაკე-საბურთალოს რაიონში აშენდა. დასრულებული  საცხოვრებელი ობიექტების რაოდენობა რაიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:  „ლიბერალმა” თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან 2015-2016 წლებში საცხოვრებელ ობიექტებზე გაცემულ სამშენებლო ნებართვებზეც გამოითხოვა ინფორმაცია. სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ამ წლებში მრავალბინიან კორპუსზე სულ 364 ნებართვა გაიცა, ხოლო ინდივიდუალურ საცხოვრებელზე - 1639. ზედამხედველობის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით კი, 345 მრავალბიანიანი კორპუსიდან 177 კორპუსი მშენებლობა უკვე დასრულდა, 168 ობიექტი კი ჯერ ექსპლუატაციაში არ შესულა. „ლიბერალმა” ქალაქმგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძეს თბილისში მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეფასება სთხოვა. ამ შეფასების მიხედვით, 2015-2016 წლებში  177  მრავალბინიანი კორპუსი აშენდა, მათგან ყველაზე მეტი  ვაკე-საბურთალოს რაიონში. მისი თქმით,  ეს რიცხვი მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ქალაქგანვითარება თბილისში არაჯანსაღად მიმდინარეობს. „ეს მონაცემები აჩვენებს, რომ მრავალბინიანი სახლები ისევ შენდება და შენდება ძალიან გადატვირთულ ადგილებში. მაგ: ვაკე, უკვე საბურთალოც თითქმის ასეთია. არის ისეთი რაიონები, სადაც ბევრი საცხოვრებელი სახლია, ხოლო ინფრასტრუქტურა არასაკმარისი. ინფრასტრუქტურაში ვგულისხმობ სოციალურ და ტექნიკურ საჭიროებებს. ადამიანებს, რომლებიც აქ შესახლდებიან, უნდა მოემსახუროს სკოლები, საბავშვო ბაღები, ჯანმრთელობის დაცვის ობიექტები; უნდა მოემსახუროს ტექნიკური ინფრასტრუქტურა - კანალიზაციის სისტემები, წყლის სისტემები, ელექტროენერგია, გაზი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ამას ემატება ისიც, რომ ეს საცხოვრებელი კორპუსები გადატვირთავენ საზოგადოებრივ სივრცეებს, რადგანაც გაიზრდება ავტომობილების რაოდენობა. ასეთი დისპროპორცია ვაკისა და საბურთალოს ხარჯზე არაჯანსაღი განვითარების მაჩვენებელია. საერთოდაც თბილისს ახლა ასეთი მრავალბინიანი კორპუსების მშენებლობა არ სჭირდება. მსგავსი მშენებლობები ქალაქგანვითარებისთვის დამღუპველია. ამ ციფრებით იმ ცოდნასთან ერთად, რაც ჩვენ გვაქვს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქგანვითარება არაჯანსაღად მიმდინარეობს“, - განაცხადა ზურაბ ბაქრაძემ.