20-ზე მეტი არასამთავრობო „პანორამა თბილისის" შესახებ პრემიერს შეხვედრას სთხოვს
20-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და აქტივისტური ჯგუფი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს „პანორამა თბილისის" პროექტის შესახებ ღია და საჯარო შეხვედრის მოწყობას კიდევ ერთხელ სთხოვს. გაერთიანების - „ერთად" ღია წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პრემიერ მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს
2016 წლის 27 თებერვალს თბილისში პუშკინის სკვერიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიამდე მშვიდობიანი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა.
20-ზე მეტი სამოქალაქო აქტივისტური მოძრაობის გაერთიანებული ჯგუფის მიერ ორგანიზებული აქცია პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობის შეჩერებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით განხორციელებული სამშენებლო პროექტების განხილვის მოთხოვნით გამოვიდა. აქციაზე გავრცელდა პეტიცია, სადაც მოქალაქეები მოითხოვდნენ სამოქალაქო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის „ერთად“ წარმომადგენელთა ღია შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრთან პროექტზე სამსჯელოდ და საზოგადოებრივი, ასევე პროფესიული შეფასებების გასაზიარებლად, ხოლო შეხვედრაზე განსახილველი საკითხების გადაჭრამდე - მშენებლობის პროცესის შეჩერებას.
აღნიშნული მოთხოვნა და ხელმოწერები წარდგენილ იქნა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფმა შეხვედრის ორგანიზებისათვის ერთკვირიანი ვადა განსაზღვრა.
მიუხედავად აქციის მრავალრიცხოვნებისა და საკითხის მნიშვნელობისა, არც აქციაზე, არც პეტიციაზე სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, კონკრეტულად კი საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან რაიმე სახის ადეკვატური რეაგირება არ განხორციელებულა. მოთხოვნილი ღია შეხვედრა კი ამ დრომდე არ ჩანიშნულა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროფესიული საზოგადოებისა და აქტივისტური ჯგუფების მოთხოვნა, ქალაქ თბილისის ლანდშაფტურ ზონაში ამ მასშტაბის ჩარევის განხორციელება არ მომხდარიყო პროფესიული აზრისა და სამოქალაქო პოზიციების გათვალისწინების გარეშე, არ იქნა მიღებული მხედველობაში მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესში, თუმცა უშუალო დემოკრატიის ფორმით განხორციელებული საჯარო და წერილობითი მიმართვის სრული იგნორირება დამატებით ლახავს კონსტიტუციით დადგენილ დემოკრატიული სახელმწიფოს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა გამჭვირვალობა და სახელმწიფო უწყებათა ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმეორებით მოგმართავთ მოთხოვნით:
გამოეხმაუროთ სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნას და დაუყოვნებლივ განსაზღვროთ ღია შეხვედრის თარიღი სამოქალაქო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის „ერთად“ წარმომადგენლებთან", - ვკითხულობთ განცხადებაში.