150 მილიონიანი საქმეების დეტალები

 
    ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები საქალაქო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც მათ კლიენტს კონტროლის პალატის დადგენილებით 126 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სააპელაციო სასამართლოში საქმეს სამი მოსამართლე - ქეთევან დუგლაძე, ირაკლი შენგელია და სხდომის თავმჯდომარე,  ნათია ქუთათელაძე განიხილავენ. სააპელაციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს ტელეფონებს შესასვლელში ატოვებინებენ, და საგანგებოდ ჩხრეკენ. მანდატურების თქმით, ასეთი გამკაცრებული წესი ორშაბათიდან მოქმედებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 11 ივნისს, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბიძინა ივანიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, მილიარდერი 12 622 019 ლარის ათმაგი ოდენობის თანხით დაჯარიმდა. სასამართლოზე კონტროლის პალატის წარმომადგენელთა მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილმა თავის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს თანხა ასესხა, რომელიც მან კომპანია "გლობალ კონტაქტ კონსალტინგს"  გადასცა. მათ ამ თანხით  სატელიტური ანტენები შეიძინეს, რომლებსაც საარჩევნო მიზნებისთვის მოსახლეობას ურიგებდენ". ადვოკატმა ალექსანდრე ბარამიძემ სასამართლო პროცესზე ის არგუმენტები ჩამოთვალა, რომლებზე დაყრდნობითაც პირველი ინსტანციის  გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ. ის მიიჩნევს, რომ მას და მის კოლეგა შალვა თადუმაძეს საქმის მასალების გასაცნობად არაადეკვატურად მცირე დრო ჰქონდათ: "ეს ჩემთვის არაეფექტური მონაწილეობაა, არ ვიცი სხვები როგორ უძლებენ, მაგრამ ეს პროცესი ჩემთვის უაღრესად მომქანცველია" მისი თქმით 400-ზე მეტი გვერდის და დამატებით სხვა ელექტრონული მასალების გასაცნობად მხოლოდ ერთი ღამე ჰქონდა. ივანიშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ კონტროლის პალატის უფლებამოსილება კონსტიტუციურ ფარგლებს სცდება. "აქამდე ის ჩვეულებრივი, კონსტიტუციური, მაკონტროლებელი ორგანო იყო, ახლა კი უზარმაზარი უფლებამოსილება შეიძინა". კონტროლის პალატის წარმომადგენლების თქმით, "ის, რასაც კონსტიტუცია არ განსაზღვრავს, ორგანული კანონებით რეგულირდება" ივანიშვილის ადვოკატები ამგვარ ფორმულირებას არ ეთანხმებიან: "კანონმა შეიძლება მხოლოდ განავრცოს ის, რაც კონსტიტუციაში წერია, რომელიმე კონსტიტუციური ორგანოსთვის სრულიად ახალი უფლებამოსილების მინიჭებას კი თავად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა ესაჭიროება." მხარეებისთვის დავის საგანს ის ბიზნესგეგმაც წარმოადგენს, რომლითაც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მიერ სატელიტური ანტენების შეღავათიანი პირობებით მონტაჟის მომგებიანობას ასაბუთებენ. მათი მტკიცებით, კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა პროექტის მოსალოდნელი მოგება  შეგნებულად არასწორი ფორმულით გამოთვალა. კონტროლის პალატის წარმომადგენელთა განცხადებით  კი პროექტი არაკომერციულია, რეალურად წამგებიანია და მხოლოდ საარჩევნო მიზნებს ემსახურება. ადვოკატებს აინტერესებთ, რა საარჩევნო მიზნები უნდა ჰქონდეს ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის საქართველოს მოქალაქეც კი არ არის, "კონსტიტუციაში საგანგებოდ შესული ცვლილებით სარგებლობას კი არ აპირებს". ისინი ბიძინა ივანიშვილის იმ განცხადებას გულისხმობენ, რომლის მიხედვითაც მილიარდერი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, რადგან მისთვის მიუღებელია ის საკონსტიტუციო ცვლილება, რომლითაც მას, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. კონტროლის პალატის წარმომადგენლის გიორგი ამირანაშვილის თქმით,  ივანიშვილი უარს არჩევნებში მონაწილეობაზე კი არ ამბობს, არამედ, მხოლოს იმ გზას იწუნებს, რომელითაც მას კენჭის ყრაში მონაწილეობა შეუძლია. ივანიშვილის ადვოკატები პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონის 34-ე მუხლის რეგულაციის ამოქმედებას აპროტესტებენ. ეს მუხლი "გადაცდომის ჩადენის განმეორების შემთხვევაში უკანონო შემოწირულობის ხუთმაგ ოდენობას აორმაგებს."  - ანუ ათმაგ ჯარიმას აწესებს.   შალვა თადუმაძე ივანიშვილის მხრიდან რაიმე გადაცდომას უარყოფს, თუმცა, ასეთი დაშვების შემთხვევაშიც კი თანხის ხუთმაგი ოდენობის გაორმაგებას უკანონოდ მიიჩნევს. "რადგან აღნიშნული რეგულაცია კანონში ბოლო დროს შევიდა, კანონს კი უკუძალა არ გააჩნია". ადვოკატებმა სასამართლოს წინაშე სამი შუამდგომლობა დააყენეს: პირველი შუამდგომლობით საქმის შეწყვეტას და პოლიტიკური პარტიების შესახებ ორგანული კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას ითხოვდენ. რადგან მათი აზრით "კანონი არსებითად ანტიკოსტიტუციურია." მეორე შუამდგომლობის მიხედვით ადვოკატები  მოწმეებად კონტროლის პალატის ფინანსური სამსახურის თანამშრომლების -  მერაბიშვილის, ქოიავას და ქორიძის დაკითხვას ითხოვდნენ. ბარამიძეს და თადუმაძეს "გლობალ კონსალტინგის" ფინანსური ანალიტიკოსის, გივი ლებანიძის დაკითხვაც სურდათ. მათი აზრით ლებანიძე უკეთ ახსნიდა, რომ სატელიტური ანტენების შეღავათიანი პირობებით დამონტაჟება მომგებიანი პროექტია და საარჩევნო მიზნებთან კავშირი არ აქვს. მესამე შუამდგომლობა სასამართლო პროცესში "გლობალ კონტაქტ ჰონსალტინგის" მესამე პირად ჩართვას, ან მისი წარმომადგენლის მოწმედ დაკითხვას ითვალისწინებდა. ეს შუამდგომლობები ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც დააყენეს, მაგრამ მოსამართლე კობა გოცირიძემ არ დააკმაყოფილა. შესაბამისი განჩინებები ადვოკატებმა საქმესთან ერთად სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. კონტროლის პალატის წარმომადგენლების განცხადებით შუამდგომლობები უსაფუძვლო იყო და მათი დაკმაყოფილება პროცესს ღირებულს  არაფერს შესძენდა. მათთვის გაუგებარია, რაში სჭირდებოდა მოწინააღდეგე მხარეს შუამდგომლობების განმეორებით დაყენება, როდესაც სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის გასაჩივრებულ განჩინებებსაც განიხილავდა. საბოლოოდ, მოსამართლემ შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. კონტროლის პალატის წარმომადგენლის, გიორგი ამირანაშვილის თქმით, მათ სასამართლოს ის მტკიცებულებები წარუდგინეს, რომლითაც დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილი ფულს საკუთარი საარჩევნო მიზნებისთვის უკანონოდ იყენებდა. "ჩვენ გვაქვს ახსნა-განმარტებები, რომლის მიხედვითაც სატელიტურ ანტენებს მოსახლეობას "ქართული ოცნების" მაისურებში გამოწყობილი ადამიანები საჩუქრად ურიგებდნენ". თადუმაძე ამ არგუმენტს სერიოზულად არ მიიჩნევს, მისი თქმით, "მაისურის ჩაცმა პოლიტიკურ კოალიციასთან კავშირზე არ მიუთითებს, მე რომ ამ დარბაზში მოსამართლის მანტიით მოვსულიყავი, ცხადია, ამის გამო ჩემს ბრძანებებს არავინ დაემორჩილებოდა". სააპელაციო სასამართლომ დღესვე მეორე საქმეც განიხილა, სადაც პირველი ინსტანციის სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის 22 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 11 ივნისს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სარჩელი განიხილა და დაადგინა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი მატერიალური სახსრებით პოლიტიკური და საარცევნო მიზნების განსახორციელებლად, კუთვნილი კომპანიების, შპს ბურჯისა და შპს ელიტა ბურჯის სახელზე 239 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება დაარეგისტრირა, რომლითაც ფაქტობრივად უსასყიდლოდ უწევდა მომსახურებას პოლიტიკურ გაერთიანება ქართულ ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ამ საქმეს მოსამართლეები ლეილა მამულაშვილი, ირაკლი შენგელია და სხდომის თავმჯდომარე, მერაბ ლომიძე განიხილავდნენ. კასაციის საფუძვლიანობის დასასაბუთებლად ადვოკატები წინა საქმის იდენტურ არგუმენტებს ეყრდნობოდნენ. კონტროლის პალატის წარმომადგენლები მათ გაბათილებას აგრეთვე იდენტური საბუთებით ცდილობდნენ. ამ საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლო ხვალ, 15 საათზე გამოიტანს.