GDI: ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციით კაცებს თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) ანგარიშის „უმცირესობათა უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“ პრეზენტაცია გამართა. ანგარიში დემოკრატ მესხთა კავშირთან” (UDM) და საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასთან (GRMA) პარტნიორობით მომზადდა.
ანგარიშის ავტორების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პირდაპირი მიზანი ქალთა უფლებებზე მუშაობა არ ყოფილა, ორგანიზაციამ საჭიროდ ჩათვალა ანგარიშში აესახა ინფორმაცია რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებში ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
ქალის საკუთრების უფლებასთან დაკაშირებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაირკვა, რომ ქალი ძირითადად არ განიხილება, როგორც მემკვიდრე და ისინი იშვიათად აცხადებენ პრეტენზიას მემკვიდრეობიდან წილის მიღებაზე. თემის ტრადიციებიდან გამომდინარე, ქალის მხრიდან სამკვიდრო წილის მოთხოვნის შემთხვევაში, ქალს ეკუთვნის იმ წილის ნახევარი რასაც მემკვიდრეობით მიიღებს მამაკაცი. მუსლიმი თემის წარმომადგენლების განცხადებით, მათ არ ახსენდებათ ფაქტი, რომ ქალს პრეტენზია გამოეთქვას სამკვიდროსთან დაკავშირებით, რადგანაც, მათი თქმით, ქალი როდესაც თხოვდება, მას ატანენ ე.წ. მზითვებს.
საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2010-2014 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 131 9155 ფიზიკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 743888 კაცია (56.4%) და 575267 - ქალი (43.6%). ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში).
2016 წლის მონაცემებით, წლის პირველ კვარტალში უძრავი ქონების საკუთრებაზე განხორციელებული 80971 რეგისტრაციიდან 52,8% კაცებს ეკუთვნის, 47,2% კი - ქალებს , თუმცა მოცემული მონაცემებით ქალები კვლავ უმცირესობაში არიან მარნეულში, ბოლნისში, დედოფლისწყაროში, თიანეთში, დუშეთში, გურჯაანში, ონში, ლაგოდეხში და საგარეჯოში.
"აღსანიშნავია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მონაცემები საერთოდ არ არის მითითებული. ასევე, საჯარო რეესტრის მონაცემებით არ დგინდება ქონებაზე უფლების რეგისტრაციის სამართლებრივი საფუძველი (მემკვიდრეობა, თანასაკუთრება და სხვა). პროექტის ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციის ახალქალაქის ფილიალის იურისტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალს, არფიკ დარბინიანს, დაეხმარა მემკვიდრეობის მიღების პროცესში. ამ ეტაპზე დოკუმენტები გადაცემულია ნოტარიუსისთვის სამკვიდრო მოწმობის მიღების მიზნით. ასევე, ეთნიკურად სომეხ ბენეფიციარ ქალს, ჰაიკანუშ ღარიბიანს, გაეწია დახმარება მის მფლობელობაში არსებული, თუმცა სახელმწიფოს ბალანსზე აღრიცხული უძრავი ქონების, მიწის, რეგისტრაციაში. ახალქალაქის ფილიალის იურისტის აქტიური დახმარებით ქონების მართვის სააგენტო დათანხმდა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ღარიბიანისთივს გადაცემაზე. ამ ეტაპზე საჯარო რეესტრში მიმდინარეობს ქონების რეგისტრაციის წარმოება, " - ნათქვამია ანგარიშში.