4 ფეხბურთელს პატიმრობა, შვიდს კი 10-10 ათასლარიანი გირაო შეეფარდა

 
გარიგებულ მატჩების საქმეზე ბრალდებულ 4 ფეხბურთელს ვახტანგ ჯაყელს, ირაკლი ხუჭუას, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, 7 ფეხბურთელს კი - 10 -10 ათასლარიანი გირაო.  ირაკლი ბაჯელიძეს, რობერტ იმერლიშვილს, ჯონი შეროზიას, გიორგი ბედიაშვილს, პაატა ღუდუშაურს, ნიკოლოზ მაისურაძეს და ნოდარ კიკნაველიძეს სასამართლომ გირაო შეუფარდა საპატიმრო უზრუნველყოფით. გირაოს შეტანის ვადად 20 დღე განისაზღვრა. შვიდივე ბრალდებული საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. სუს-ის განცხადებით, აღნიშნულის შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).