Adjaranet: „ბირჟა მაფიის“ კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში მონაწილეობა არ მიგვიღია
„აჭარანეთი“ ჯგუფ „ბირჟა მაფიის" კლიპის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„პირველ რიგში, გვინდა, აღვნიშნოთ, რომ აჭარანეთი მუშაობს რამდენიმე ახალ პროექტზე, რისთვისაც იწერება მრავალი საპილოტე გადაცემა, სიუჟეტი თუ ვიდეოკლიპი. ნებისმიერ ნიჭიერ ახალგაზრდასა თუ შემოქმედებით ჯგუფს შეუძლია ჩვენთან მოსვლა და პროექტის შემოთავაზება.
ერთ-ერთი ასეთი საპილოტე პროდუქტი იყო „ბირჟა მაფიის“ კლიპი, რომლის ფარგლებშიც, აჭარანეთმა გადაღება ტექნიკურად უზრუნველყო, თუმცა თავად კლიპის იდეისა და შინაარსის შექმნაში, ისევე, როგორც გავრცელებაში, მონაწილეობა არ მიუღია.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ „ბირჟა მაფიის" ორი წევრი 7 ივნისს დააკავეს. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი იმ კლიპის გამო დააკავეს, რომელშიც პოლიციელია გაშარჟებული.
12 ივნისს სააპელაციო სასამართლომ ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებული რეპერები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, რასაც წინ უძღოდა ხმაურიანი აქცია, სადაც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და რეპერების გათავისუფლება მოითხოვა.