EMC: მიმდინარე საპოლიციო კონტროლი დანაშაულის პრევენციის ბუნებასთან შეუთავსებელია
დღეს ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი მიმდინარეობს. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) ე.წ. რეიდების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ე.წ. რეიდის განხორციელებაში განსაკუთრებული აღჭურვილობის მქონე, ნიღბიანი სამართალდამცავებიც მონაწილეობენ. მსგავსი ფორმებითა და ინტენსივობით საპოლიციო ღონისძიების ჩატარება საზოგადოებაში ბევრ კითხვას ბადებს და დაძაბულობას ჰქმნის. აუცილებელია, რომ სამინისტრომ დროულად განმარტოს ამ მასშტაბის საპოლიციო ღონისძიების ჩატარების საფუძველი და საჭიროება", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
EMC-ში აღნიშნავენ, რომ საპოლიციო პრევენციული ღონისძიების მიზანი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება უნდა იყოს და არა მომხდარ დანაშაულზე რეაგირება (გამოძიება/აღკვეთა). ორგანიზაციის წევრთა შეფასებით, სამწუხაროა, რომ მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ სპეციალური საპოლიციო კონტროლი დანაშაულზე რეაგირების მექანიზმად იქცეს, რაც კანონმდებლობის სხვა მოთხოვნასთან შეუთავსებელია.
„დანაშაულის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში გამოძიება სავალდებულო წესით უნდა დაიწყოს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ე.წ. რეიდი თავისი ხასიათით განსაკუთრებულ პოლიციური ღონისძიებაა, რომლის გამოყენება მხოლოდ სპეციფიურ, გამონაკლის ვითარებაში უნდა მოხდეს. ამიტომ, უწყების მითითება, რომ ეს რიგითი საპოლიციო შემოწმებაა, კანონის არამართებულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს".
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობა ერთმანეთისგან ნათლად მიჯნავდეს დანაშაულის პრევენციისა და დანაშაულის გამოძიების ფარგლებსა და ინტენსივობას. მათი შეფასებით, საპოლიციო კონტროლის ის მეთოდები, რაც პოლიციის მხრიდან ბოლო წლებში გამოიყენება, აშკარად სცდება დანაშაულის პრევენციის ბუნებას და რეპრესიულ სახეს იძენს.
„პოლიციის პრევენციული ფუნქციების არასათანადო გამოყენების შემთხვევაში, კრიტიკული ხდება თავისუფლებისა და ტოტალური სოციალური კონტროლის რისკი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გამოძიებისგან განსხვავებით, პოლიციის პრევენციულ ღონისძიებებზე საპროკურორო და სასამართლო კონტროლი ფაქტობრივად არ ხორციელდება".
EMC-ში განმარტავენ, რომ ე.წ. რეიდი პოლიციის მიერ წინასწარ შერჩეულ ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირის თუ ნივთის შემოწმება-დათვალიერებას გულისხმობს და სამართალდამცავებს არ ავალდებულებს, კონკრეტულ მოქალაქეებს მათი შემოწმების მიზეზები განუმარტონ. გარდა ამისა, სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს საპოლიციო ღონისძიების შესახებ ოქმი არ დგება,რაც დამატებით ართულებს პოლიციის მოქმედებაზე შემდგომი, მათ შორის შიდა კონტროლის განხორციელებას.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა თქმით, მოქალაქეებისთვის დაცვის გარანტიას კანონით დადგენილი ვალდებულება წარმოადგენს, რომ ე.წ. რეიდის დროს პოლიციელი აღჭურვილი იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეოგადამღები ტექნიკით. თუმცა, მათი შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც კანონი არ აზუსტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელ დეპარტამენტს აქვს საპოლიციო კონტროლის ჩატარების უფლება, ქმნის რისკს, რომ მის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღონ ამგვარი ტექნიკური აღჭურვილობის არმქონე სუბიექტებმა, ან სხვა, სპეციალური აღჭურვილობის მქონე პირებმა, მათ შორის ნიღბიანმა პოლიციელებმაც.
პრობლემურია ისიც, რომ კანონის მიხედვით, სპეციალური საპოლიციო კონტროლი ტარდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული ბრძანების დასაბუთება სავალდებულო არ არის. EMC-ში მიიჩნევენ, რომ მინისტრისთვის მსგავსი უფლებამოსილების მინიჭება პრობლემურია იმ კუთხითაც, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს კონკრეტულ საპოლიციო საქმიანობაში უშუალო ჩარევის შესაძლებლობა ეძლევა.
არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ე.წ. რეიდის ინტენსივობისა და ადამიანის უფლებებში არაპროპორციული ჩარევის მაღალი რისკის გათვალისწინებით, საჭიროა, რომ ეს ღონისძიება გამოიყენებოდეს როგორც განსაკუთრებულ და არა რიგით საპოლიციო ღონისძიებად და მისი განხორციელების შესახებ სამინისტრომ დროული და ადეკვატური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
„აღნიშნული მექანიზმის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების, მისი ინტენსივობისა და რეალური ბუნების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ საკანონმდებლო ორგანომ საქართველოში მოქმედ საპოლიციო პრევენციის მოდელის კრიტიკული გააზრება დაიწყოს და უზრუნველყოს პოლიციის პრევენციული ფუნქციების იმგვარად ჩამოყალიბება, რომ მკაფიო ზღვარი გაივლოს საგამოძიებო და საპოლიციო პრევენციულ ღონისძიებებს შორის და ამავდროულად მათზე გავრცელდეს შესაბამისი გარე კონტროლის მექანიზმები".