EMC პანკისის ჰესის გზშ-ზე: მნიშვნელოვანი ნაწილი სხვა ჰესების ანგარიშიდან არის გადმოწერილი
„ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადგურის მოწყობა გათვალისწინებულია პანკისის ხეობაში სოფ. ბირკიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
5.4 მგვტ/სთ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი 3-ს" მშენებლობას შპს „ფერის“ შვილობილი კომპანიის შპს „ალაზანი ენერჯი“ გეგმავს.
„ხადორი 3-ის" ჰესის სათავო ნაგებობის მოწყობა დაგეგმილია „ხადორი 2“ ჰესის გამყვან არხზე, საიდანაც „ხადორი 2“ ჰესის მიერ გამომუშავებული წყალი მიმართული იქნება საპროექტო სადაწნეო მილსადენში.
პანკისში დაგეგმილი ჰესების ეკოლოგიური დასკვნის დოკუმენტების კრიტიკული ანალიზი
„პანკისში დაგეგმილი ჰესების ეკოლოგიური დასკვნის დოკუმენტების კრიტიკული ანალიზი", - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოამზადა.
გზშ წარმოადგენს იმ ძირითად დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მომზადდეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და შეფასდეს კონკრეტული სამშენებლო ობიექტის მშენებლობის რისკი გარემოზე.
„ხადორი 3“ ჰესის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში შეიცავს შემდეგ ხარვეზებს:
1. ჰესის მშენებლობის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ჰესის მშენებლობის შედეგად, სოფელი ბირკიანის მიმდებარედ მდინარე ალაზნის 90%-ის მილებში მოქცევის საკითხი წარმოადგენს, რომლის შედეგადაც მდინარეში რჩება მდინარის არსებული მოცულობის მხოლოდ 10%, რაც არსებით გავლენას მოახდენს მდინარე ალაზნის მიმდებარედ არსებულ სოციალურ და ეკოლოგიურ გარემოზე.
პროექტის თანახმად „ხადორიჰესი 3“ იმუშავებს, უკვე მოქმედი „ხადორიჰესი 2-ის“ გამომუშავებულ წყალზე. ამასთან გზშ-ს თანახმად, მდინარის ეკოლოგიური ხარჯი, ანუ მდინარის ის მოცულობა, რაც დარჩება ჰესის მშენებლობის შემდეგ მხოლოდ 10%-ს წარმოადგენს. შესაბამისად, ჰესის მშენებლობის პირობებში, სოფელ ბირკიანის მიმდებარედ არსებითად შეიცვლება მდინარე ალაზნის კალაპოტი და არსებული მოცემულობის ნაცვლად მდინარეში დარჩება მხოლოდ მდინარის 10% (ე.წ ეკოლოგიური ხარჯი). თუმცა გზშ-ს ანგარიშში ვერსად ვერ ვხვდებით აღნიშნული ეკოლოგიური ხარჯის დათვლის მეთოდოლოგიას, რაც ჰესის მშენებლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. ანუ კომპანიას არსად არ აქვს ნახსენები, რატომ ტოვებს მდინარეში მხოლოდ 10%-ს და არა უფრო მეტს.
2. პროექტის თანახმად, „ხადორი-3“ ჰესის წყალჩაშვების ობიექტის მშენებლობა დაგეგმილია რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით სოფელი დუისისა და ბირკიანის წყალმომარაგების ფილტრატებიდან (სოფლის სასმელი წყლით მომარაგების ძირითადი წყაროდან). აღნიშნულით კი შეიძლება იმის თქმა, რომ დუისისა და ბირკიანის მოსახლეობას ჰესის აშენების შემდეგ წყალი სამივე ჰესის წყალმიმღებების, ტურბინების, გვირაბებისა და მილსადენების გავლით მიეწოდება, თუმცა აღნიშნულის შესახებ საერთოდ არ არის ნახსენები გზშ-ს ანგარიშში.
თუმცა, გზშ-ს ანგარიშში „ავარიული სიტუაციების აღწერა დონეების მიხედვით“ აღწერილია ისეთი სიტუაცია, როდესაც შესაძლებელია წყალში საშიშმა ნივთიერებებმა გაჟონოს. კერძოდ, II დონედ განიხილება საშიში ნივთიერებების დაღვრა 0,3 ტ-დან 200 ტ-მდე. შესაბამისად, გზშ-ს ანგარიშში საუბარია ასეთი ნივთიერებების გაჟონვის შესაძლებლობაზე, თუმცა საუბარი არ არის იმ საკითხზე, რომ ეს ნივთიერებები შესაძლებელია პირდაპირ აღმოჩნდეს სოფლის მოსახლეობის სასმელ წყალში. გზშ-ში აღნიშნულ საკითხთან ერთად შესაბამისად არ არის ასახული ის პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც მოსახლეობას დაიცავდა მსგავსი საშიშროებისგან.
3. სასმელ წყალთან დაკავშირებული საფრთხეების გარდა, გზშ-ს ანგარიში არ შეიცავს პასუხებს, ჰესის მშენებლობის პროცესთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან საფრთხეებთან დაკავშირებითაც...: