Fuck you Russia და Fuck me Russia

 
რა მოხდა ჩემი აზრით: ჩემ მიერ აღწერილ ვითარებას მსუბუქი ირონია ახლავს თან. ეს უფრო სიმწრის ირონიაა, გამოწვეული ამ აშკარა, მრავალჯერ განმეორებული/გათამაშებული დრამის სიცოცხლისუნარიანობით. მისი რეალური სახე ჩემთვის მოუხელთებელი იყო 2003, 2007-2008, 2011-2012 წლების მოვლენებში, თუმცა წრეზე ტრიალის განცდა სულ მქონდა. საქართველოს მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილსაც იგივე განცდა აქვს და ამიტომ აღარ ენდობა სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესს (ამას ადასტურებს არჩევნებში მათი მონაწილეობის დაბალი დონე). პოლიტიკური მოთამაშეები ხედავენ, რომ ხალხის პოლიტიკური გააქტიურებისთვის აღარ გამოდგება ნაცადი მეთოდები: მტრის ხატის შექმნა და მისი საშუალებით ორპოლუსიანი, თეთრ-შავი სიტუაციის მოდელირება. ეს ორპოლუსიანი სისტემა სასარგებლოა ხელისუფლებისა და მისი მთავარი ოპონენტისთვის, ამიტომ ისინი გამუდმებით ცდილობენ და ეცდებიან ამ ვითარების შენარჩუნებას. რატომ არის საშიში ასეთი პოლარიზება? იმიტომ, რომ იგი ებრძვის სიახლეს, განახლებას და განვითარებას. ამჟამინდელი პოლიტიკური ველის ხელუხლებლად შენარჩუნება გამოიწვევს სრულ სტაგნაციას, ოღონდ არა შევარდნაძის დროინდელს, არამედ ბრეჟნევის ეპოქისეულს, როცა აღარც იდეებია, აღარც იდეის ერთგული ადამიანები და აღარც რამენაირი რეზისტენცია.  2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გამოცხადებამ პროცესი ოდნავ გამოაცოცხლა და დერადიკალიზაციის მუხტი გააჩინა. ამას დაემატა პარლამენტარ ნიკა მელიას ჰეროიზაციის პროცესი. თანაპარტიელებმა იგი სხდომათა დარბაზში მარტო დატოვეს მისი „მტრების“ პირისპირ. მედია დიდი რუდუნებით ავრცელებდა ფოტოებს და ვიდეომასალას, სადაც ეს „მარტოსული კრავი“ მარტო ზის, ხოლო მეორე მხარეს ავის მომასწავებელი „მგლები“ მისი განადგურების გეგმას ადგენენ. სასამართლომ მელია 30 000-ლარიანი გირაოს საფასურად გაათავისუფლა. თანაპარტიელები მიეგებნენ მას, როგორც ფრონტიდან დაბრუნებულ, გადარჩენილ მეომარს, რომელმაც „მტერი“ განგმირა თავისი გამარჯვებით. ცხადია, ნიკა მელიასთვის მანდატის დროებით მოხსნა მის დაჭერას არ ნიშნავდა. მას მხოლოდ ის უნდა გაერკვია, მისცა თუ არა ბიძგი პარლამენტარის მოწოდებამ (შევიდეთ პარლამენტში მშვიდობიანად) პროტესტანტთა ნაწილის აგრესიას? მაგრამ ეს ტექსტი/დაზუსტება მედიასივრცეში თითქმის არ ისმოდა. არავის გახსენებია აქციის ორგანიზატორი სხვა პოლიტიკოსებიც. ცხადია, უმრავლესობაში არავინ აყენებს შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს მაშინ, როცა უკიდურესად საინტერესოა პროტესტის დარბევის დინამიკა, ბრძანებების თანმიმდევრულობა და პასუხი კითხვაზე: რატომ ვერ დაშლიდა პოლიცია მიტინგს წყლის ჭავლით და რატომ გახდა აუცილებელი რეზინის ტყვიების გამოყენება? მთელი ეს სურათი ცხადყოფს, რომ ამ ბინარული ოპოზიციების ველში დარჩენა დამღუპველია სახელმწიფოსთვის. მისი დაძლევის რესურსი ისევ ხალხშია, იმ ადამიანებში, რომელთაც არაფერი აკავშირებთ საბჭოთა და პოსტსაბჭოთა გახრწნილ, კომპრომატების შემგროვებელ და საჭირო მომენტში გამომყენებელ სისტემასთან, რომლებსაც ესმით ამ ახალი პოლიტიკური ერთობ/ებ/ის დაბადების მნიშვნელობა და იციან, რომ „Fuck you Russia” და „Fuck me Russia” იმავე თეთრ-შავის ბრძოლის ველია. გახსოვთ ალბათ, როგორ აიტაცეს ფეისბუკის რუსმა მომხმარებლებმა ქართველი გოგონას პლაკატი „Fuck you Russia” და როგორ შეცვალეს პლაკატით „Fuck me Russia”, თან დააზუსტეს, რომ ქართველი გოგონა გაჟიმვას გვთხოვსო, რადგან ქართველი კაცები „პიდარასტებად“ გადაიქცნენო. ძნელი არ არის მივხვდეთ, თუ როგორ აამუშავეს რუსებმა და მათმა ქართველმა მოკავშირეებმა ჰომოსექსუალთა დემონიზაციის და ამ საკითხით მანიპულაციის სტრატეგია: როგორ გამოიყენეს იგი სიტუაციის ესკალაციის მსურველებმა და ლევან ვასაძის აქციამ, რათა სამოქალაქო პროცესი ისევ თეთრ-შავის ფარგლებში გამოეკეტათ.  საჭიროა ახალი სააზროვნო და საპროტესტო სივრცეების შექმნა, რომლებიც ქუჩის პროტესტს კი არ ჩაახშობენ, არამედ უფრო ქმედითად და შედეგიანად გადააქცევენ მას. ასეთ პროტესტს კი მრავალნაცადი პარტიები ვერ უწინამძღვრებენ, მისი ჩირაღდან/ებ/ი სამოქალაქო ჯგუფებს უნდა ეჭიროთ. ჩვენ ახლა უნდა ვებრძოლოთ პოსტსაბჭოთა კავშირს, რაზეც ვაცლავ ჰაველი ერთგან საუბრობს: „ყოველ ქვეყანაში, რომელმაც თავიდან მოიშორა კომუნიზმი, პოსტკომუნიზმს განსხვავებული სახე აქვს. საზოგადოების მოთმინების ფიალა ივსება. ამჯერად ანგარიშსწორება ხდება უკვე პოსტკომუნიზმთან და არა კომუნიზმთან“. ამჟამინდელ სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესს გარედან რომ შევხედოთ, იგი მაინც უფრო ოპტიმისტურია, ვიდრე პესიმისტური. ამის საფუძველს ქმნის ძალაუფლების დეცენტრალიზაციის იძულებითი ნაბიჯები როგორც ხელისუფლების სხვადასხვა შტოში, ისე სამოქალაქო სივრცეში. ასევე ძნელია საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება და მისი მიმართვა ერთი, კონკრეტული მიმართულებით. მე მგონია, რომ ჩვენ ახლა თვითგამორკვევის სხვა საფეხურზე ვართ და, ჩემი აზრით, ეს არის სწორედ ის „ფეხზე წამოდგომა“, რომელზეც მერაბ მამარდაშვილი საუბრობდა ანი ეპელბუანთან ინტერვიუში 1991 წელს: „რასაც ახლა განვიცდით - ეს არის სისხლის ტკივილი, ხანგრძლივი ჯდომის შემდეგ ვენებში რომ მიედინება. ფეხები თითქმის მკვდარია, ცხოვრება კი საშინელ ტკივილს გაყენებს... მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ისევ არ დავსხდებით. შეიძლება ზოგს დაბუჟება ერჩივნოს ცირკულაციას, რომელიც ტკივილს იწვევს!“  მერაბ მამარდაშვილისგან განსხვავებით, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ისევ არ დავსხდებით. ლელა გაფრინდაშილი: სამოქალაქო აქტივისტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.