Google-მა კომპიუტერში დროის კრისტალი შექმნა, რომელიც დაუჯერებელ ძვრებს მოახდენს
ივლისის ბოლოს კომპანია Google-მა განაცხადა, რომ მისმა ინჟინრებმა კვანტურ კომპიუტერში მატერიის ახალი მდგომარეობა შექმნეს - ეგრეთ წოდებული დროის კრისტალი (ან ტემპორარული კრისტალი), რომლის თავად არსებობის ფაქტიც კი, თითქოს ეწინააღმდეგება ფიზიკის ჩვენთვის ცნობილ ფუნდამენტურ კანონებს.
დროის კრისტალებმა კვანტური კომპიუტერების შექმნაში გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულონ. ეს კომპიუტერები იმდენად სწრაფი და მძლავრი იქნება, რომ წუთების განმავლობაში გადაწყვეტს ამოცანებს, რომლებზეც თანამედროვე პროცესორებს ათასწლეულები დასჭირდებოდა. პრინციპში, ეს დროის კრისტალიც დღეისათვის ყველაზე მძლავრ კვანტურ კომპიუტერში - Google Sycamore-ში შეიქმნა.
სამეცნიერო სტატია, რომელიც სტენფორდის, პრინსტონის და სხვა წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტების მკვლევართა მონაწილეობით დაიწერა და დეტალურად აღწერს კრისტალის შექმნის ტექნოლოგიას, შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც სამეცნიერო თანამეგობრობის შესაბამის შემოწმებას გაივლის, ჟურნალში Nature გამოქვეყნდება.
ნამუშევრის ავტორები, თავადაც არ არიან ბოლომდე დაწმუნებულები საკუთარი ექსპერიმენტის წარმატებაში. მაგრამ თუკი აღმოჩენა დადასტურდა, Google ჩაითვლება ერთ-ერთი ყველაზე დაუჯერებელი და პერსპექტიული „მომავლის ტექნოლოგიის“ პირველაღმომჩენად.
ჩვენთვის ცნობილია ნივთიერების სამი ძირითადი მდგომარეობა: მყარი, თხევადი და აირადი. ისინი ფიზიკური მახასიათებლებით ერთმანეთისაგან განსხავავდებიან, მაგრამ აუცილებელ პირობებში (წნევისა და ტემპერატურის) ერთმანეთში გადასვლა შეუძლიათ. არსებობს მატერიის უფრო ეგზოტიკური მდგომარეობებიც. მაგალითად, პლაზმა, რომლის საშუალებითაც დიდი ტელევიზორები ბრტყელეკრანიანი მონიტორებით შეიცვალა; ასევე ზემგრძნობიარე კვანტური სითხეები, მაგალითად, თხევადი ჰელიუმი და სხვ. დროის კრისტალი მატერიის ერთ-ერთი ასეთივე ეგზოტიკური მდგომარეობაა.
სპეციალისტები ამ აღმოჩენას იმდენად რევოლუციურად მიიჩნევენ, რომ „მისი მნიშვნელობის სრულად გაცნობიერება ჩვენ ჯერ არ შეგვიძლია“.