ISFED: ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო შემთხვევები დაფიქსირდა
„სამართლიანი არჩევნები IV შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანიის გააქტიურების კვალდაკვალ გახშირდა საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები.
ორგანიზაციის დაკვირვებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების 3; ზეწოლა მუქარის 11; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 12; კამპანიისთვის ხელის შეშლის 8; ფიზიკური დაპირისპირების 6; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 4; პარტიული ოფისის დაზიანების 2; სააგიტაციო მასალების დაზიანების 37; სიძულვილის ენის გამოყენების 4; არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის 8 ფაქტი.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიტიკურ ოპონენტებსა და აქტივისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირების საგანგაშო შემთხვევები დაფიქსირდა.
გაიზარდა სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ოპოზიციური პარტიების წევრებისა და აქტივისტების მიმართ განხორციელებული ზეწოლა-მუქარის შემთხვევები, რაც ძირითადად ოპოზიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიმართ ფიქსირდება და სხვადასხვა ფორმით გამოიხატება.
ISFED-ის ანგარიშის მიხედვით, სავარაუდო ზეწოლის ფაქტები დაფიქსირდა საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების არჩევასთან დაკავშირებით. იმ საუბნო კომისიაში, სადაც ხელმძღვანელ პოზიციებზე (კომისიის თავმჯდომარე; კომისიის მდივანი) ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული წევრები აირჩიეს, მოგვიანებით, კენჭისყრაში მონაწილე კომისიის წევრებმა კომისიის შემადგენლობა დატოვეს, ხოლო ერთ შემთხვევაში საუბნო კომისიის ოქმი გადაასწორეს და არჩეული მდივნის ნაცვლად სხვა კომისიის წევრი მიუთითეს.
ამასთან, ხშირი იყო კამპანიური ხასიათის ღონისძიებებზე ოპონენტებისთვის ხელის შეშლის შემთხვევები. პარტიების შეხვედრებზე, ძირითადად, საწინააღმდეგო განწყობებით ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები ესწრებოოდნენ და სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ კამპანიისთვის ხელის შეშლას.
განსაკუთრებით იმატა წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების - პარტიული დროშების, პლაკატების და ბანერების დაზიანების შემთხვევებმა.
საანგარიშო პერიოდში, საარჩევნო სუბიექტი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ წინასაარჩევნო კამპანიაში მკვეთრად გამოხატული ქსენოფობიური მოწოდებებით გამოირჩეოდა. პარტიამ წინასაარჩევნო რეკლამა დაამზადა და გამოაქვეყნა, რომელშიც ანტითურქული მოწოდებები გამოიყენა და ამომრჩეველს მოუწოდა წინასაარჩევნოდ ანტითურქული განწყობის გამოსახატად შეკრებილიყვნენ. კლიპის შინაარსში სიძულვილის ენის გამოყენების საკითხს ცესკო სწავლობს.
წინასაარჩევნო პერიოდში გრძელდება პოლიტიკურად აქტიური პირების უკანონო მიყურადების შემთხვევები. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის მეშვეობით გავრცელდა სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბრის აუდიო ჩანაწერი. აღნიშნული ჩანაწერების გავრცელებას წინ უსწრებდა მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საარჩევნოდ დესტაბილიზაციასა და არეულობის გამოწვევას გეგმავს.