MDF: „ქართულმა ოცნებამ" ტელეკომპანია „იმედში" 1 000 000 ლარის სარეკლამო დრო შეისყიდა

 
8 ივნისი-30 აგვისტოს პერიოდში პოლიტიკური სუბიექტების მიერ საარჩევნო კამპანიაზე გაწეული საერთო 8 813 597 ლარიდან 78% „ქართულმა ოცნებამ" დახარჯა. ყველაზე მეტი თანხა გარე რეკლამაზე დაიხარჯა. ტელევიზიებიდან ყველაზე მეტი ფასიანი პოლიტიკური რეკლამა „იმედმა” (1 134 907) მიიღო, სადაც 1 მილიონი ღირებულების მომსახურება „ქართულმა ოცნებამ" შეისყიდა, - საარჩევნო კამპანიის მიზნით პოლიტიკური სუბიექტების მიერ მედიაში გაწეული ხარჯის შესახებ ინფორმაცია მედიის განვითარების ფონდმა (MDF) გამოაქვეყნა. MDF-ის ინფორმაციით, თუ ტელევიზიებიდან „ქართულმა ოცნებამ" მხოლოდ „იმედზე" განათავსა ფასიანი პოლიტიკური რეკლამა, ონლაინ გამოცემებსა და გაზეთებში უფრო დივერსიფიცირებული მიდგომა გამოიკვეთა. ყველაზე მეტი სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურება „ქართულმა ოცნებამ" პალიტრა ჰოლდინგში შემავალ ონლაინ (221 479) და ბეჭდვითი (73 955) გამოცემებისგან შეისყიდა. ორგანიზაციის თქმით, აუდიტის სამსახურში წარდგენილი ფინანსური დეკლარაციების თანახმად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის ოფიციალურად დაწყებიდან (8 ივნისი) 30 აგვისტოს ჩათვლით, პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა სხვადასხვა სახის სარეკლამო მოსახურებისთვის 8 813 597 ლარი დახარჯეს. „არჩვენებში მონაწილე სუბიექტებიდან ყველაზე მეტი თანხა 6 914 179 ლარი (78 %) ქართულმა ოცნებამ დახარჯა; მასზე 13-ჯერ ნაკლები (523 700 ლარი) მეორე ადგილზე მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც მოსდევს სახელმწიფო ხალხისთვის (489 719); პატრიოტთა ალიანსი (433 332); ახალი საქართველო (198 750), რომელიც პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისათვის” ერთიან საარჩევნო ბლოკში გირჩთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთად 18 აგვისტოდან გაერთიანდა; „ეროვნული ფორუმი“ (120 146). ის პარტიები და დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთა დანახარჯებიც 50 ათას ლარს არ აღემატებოდა დიაგრამაზე კატეგორიაში “სხვა” არიან გაერთიანებული. ესენი არიან: გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა (36 234); თავისუფალი დემოკრატები (33 173); გირჩი (18 632); წარმატებული საქართველო (12 000); ირაკლი პეტრიაშვილი (9 532);  რესპუბლიკური პარტია (6 834); ირაკლი შიხიაშვილი (5 610); ილია კოკაია (5 506); ცეზარ ჩოჩელი (2 650); ქართული იდეა (2 400); მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს (1 000) და ლეიბორისტული პარტია (200)", - წერია MDF-ის მასალაში. რეკლამა მაუწყებელებში. „ მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ ყველაზე დიდი სარეკლამო დრო - 1 000 000 ლარის ღირებულების (46%) ტელეკომპანია იმედში  შეისყიდა, სხვა არხებზე კი ფასიანი რეკლამა საერთოდ არ განუთავსებია", - წერს MDF. კვლევის მიხედვით, შემდეგი პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი სარეკლამო მომსახურება გასწია არის „სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელმაც პოლიტიკური რეკლამა  რუსთავი 2ზე (283 965), იმედზე (134 907) და მაესტროზე (33 160) განათავსა.  ნაციონალურმა მოძრაობამ რეკლამა მხოლოდ რუსთავი 2-სა   (215 000) და რეგიონულ ტელევიზიებში  (3 707) განათავსა. პატრიოტთა ალიანსმა ყველაზე დიდი თანხა (120 000) ობიექტივზე ,  ასევე შედარებით მცირე რუსთავი 2-ზე (32 724), ტვ პირველის ეთერში (30 011) და რეგიონულ მარნეულის ტელევიზიაში (4000) განათავსა. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრის გიორგი ვაშაძის პარტიამ “ახალი საქართველო” ყველაზე მეტი თანხა რუსთავი 2-ზე (170 446), შედარებით მცირე კი ტვ პირველზე (14 104) განათავსა. ეროვნულმა ფორუმმა ყველაზე მეტი სარეკლამო დრო რეგიონულ ტელევიზიებში  (99 781) შეისყიდა, შედარებით მცირე კი კავკასიის (9 980), ტვ პირველისა (5 000) და იბერიას (5 000) ეთერში.  რაც შეეხება ონლაინ მედიას, MDF-ის მიხედვით, საარჩევნო სუბიექტებმა სარეკლამო მომსახურება სულ 70-მდე ონლაინ გამოცემასთან გააფორმეს. დიაგრამა 6.1.5-ზე ასახულია ის 10 ონლაინ საინფორმაციო პორტალი და სააგენტო, რომელთაც ყველაზე მეტი დაფინანსება მიიღეს, მათგან 6-ს ხელშეკრულება მხოლოდ ქართულ ოცნებასთან ჰქონდა გაფომრებეული, 4 მედია საშუალებაში კი ქართულ ოცნებასთან ერთად პატრიოტთა ალიანსმა  და დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა  შეიძინეს ფასიანი მომსახურეობა. „ყველაზე მეტი სარეკლამო მომსახურება (ჯამში 221 479 ლარი) ქართულმა ოცნებამ პალიტრა ჰოლდინგში შემავალ ონლაინ გამოცემებში , მათ შორის სააგენტო IPN-ზე შეისყიდა; შემდეგ ადგილზეა Ipress (45 000), Info 9 (45 000); PIA და მასთან დაკავშირებული გამოცემები (41 700),  Netgazeti (35 101), Presa.ge და მასთან დაკავშირებული გამოცემები  (32 000); Newposts.ge-მ (28 500), Pirveliradio.ge (25 235), Reportiori.ge (23 580) და Commersant.ge (22 464)", - წერს MDF. სხვა საინფორმაციო ონლაინ გამოცემებში პოლიტიკურ რეკლამასა და საინფორმაციო მომსახურებაში ჯამურად სულ 176 558 ლარი დაიხარჯა, საიდანაც ყველაზე მეტი თანხა ქართულმა ოცნებამ (168 738), ხოლო ყველაზე ნაკლები ლეიბორიტულმა პარტიამ (200) დახარჯერს. ბეჭდვითი მედია: „18 ბეჭდვითი გამოცემისგან 3 პოლიტიკურმა პარტიამ და 1-მა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯამურად 352 695 ლარის ღირებულების სარეკლამო მომსახურება შეისყიდა. აღნიშნული შესყიდვების 95.7% (337 431 ლარი) ქართულ ოცნებაზე მოდის; 3.3% - პატრიოტთა ალიანსზე, რომელმაც მხოლოდ “თბილისიელებთან” გააფორმა ხელშეკრულება (11 664); ყველაზე მცირე თანხა კი - „ქართულ იდეასა“ („ახალი თაობა“ - 2 400) და ირაკლი შიხიაშვილზე („ვერსია“ – 1 200).  გაზეთებს შორის ყველაზე მეტი შემოსავალი „კვირის პალიტრამ“ (73 955) ლარი მიიღო. პირველ ხუთეულში მოხვდნენ რეგიონული გაზეთები „გურია ნიუსი“ (55 125), „სპექტრი“ (33 690) და „ბათუმელები“ (26 838). „რეზონანსი“ კი შემოსავლებით მეოთხე ადგილზეა (30 000)", - ნათქვამია MDF-ის მასლაში.