NAEC: გამოცდების შედეგების გამოცხადება, შარშანდელთან შედარებით, რამდენიმე დღით გადაიწევს

 
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილმა, საგამოცდო პროცესის დასრულებასთან და მომდევნო პროცედურებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.  მაია მიმინოშვილის თქმით, ეროვნული გამოცდების განრიგის მცირე ცვლილებასთან დაკავშირებით, წელს შარშანდელთან შედარებით, პირველადი შედეგების გამოცხადება რამდენიმე დღით გადაიწევს. მისი განმარტებით, სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისიდან გამოცდების პირველადი შედეგები ეტაპობრივად გამოცხადდება.  „წელს ამ პროცესში იძულების წესით რამდენიმე ცვლილება შევიტანეთ. მოგვიწია განრიგის შეცვლა, ნაცვლად იმისა, რომ ორ დღეში ჩაგვეტარებინა გამოცდა ქართული ენასა და ლიტერატურაში დავტოვეთ მხოლოდ პირველი სესია. აქედან გამომდინარე, ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სავალდებულო გამოცდა აბიტურიენტებისათვის. მაღალი ტემპერატურის გამო, მხოლოდ პირველ ნაკადში ვიწვევდით აბიტურიენტებს. ალბათ, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, რამდენად მძიმე იყო ჩვენთვის ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ  პროცესში თუნდაც მინიმალური ჩარევა ძალიან დიდ რისკებს აჩენს და ბუნებრივია, წელს ამ ცვლილების გამო, ჩვენც ბეწვის ხიდზე გავიარეთ, მაგრამ ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. მეორე, რაც მნიშვნელოვანი იყო, გადაწყდა, რომ საქართველოს მასშტაბით არსებული საგამოცდო ცენტრები აღჭურვილიყო გაგრილების სისტემით. ამ შენობების აღჭურვა მიმდინარეობდა მას შემდეგ რაც გგამოცდების დასრულდებოდა მთელი ღამის განმავლობაში. ვინც ამონტაჟებდა ამ სისტემებს და ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ემსახურებოდნენ აბიტურიენტებს, საგამოცდო ცენტრებში უწევდათ 24-საათიან რეჟიმში მუშაობა. მიუხედავად ამისა, ყველაფერს ძალიან კარგად გავართვით თავი“, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.