NAEC: პედაგოგთა საგნის გამოცდაზე ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გამოვაქვეყნებთ

 
იანვარში პედაგოგთა საგნის გამოცდის რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია გამოცდების ეროვნულ ცენტრს, ჯერჯერობით, არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, უცნობია, როდის დაიწყება პედაგოგთა საგნის გამოცდებზე რეგისტრაცია და გაიმართება თუ არა იანვარში გამოცდები. პედაგოგებისთვის საგნის გამოცდებს გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის შესაბამისად, წელიწადში ორჯერ მართავს, ზაფხულში და ზამთარში. „ლიბერალი“ გამოცდებისთვის რეგისტრაციის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გასარკვევად გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, გამოცდებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ეროვნული ცენტრი უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებს. შეკითხვაზე, გაიმართება თუ არა იანვარში გამოცდები, ცენტრში გვიპასუხეს, რომ გამოცდების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საგულისხმო მას შემდეგ გახდა, რაც განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ პედაგოგთა საგნის გამოცდებთან მიმართებით ცვლილებები დააანონსა. მისი განცხადებით, გამოცდებზე გაუქმდება ე.წ. ბარიერი. მინისტრის თქმით, თუ პედაგოგმა საგნობრივ გამოცდაზე 20 ქულა აიღო, ის ამის შესაბამის კრედიტქულას მოაგროვებს. საგულისხმოა, რომ ამ დრომდე უცნობია, როგორ აფასებს გამოცდებისთვის ბარიერის მოხსნასთან დაკავშირებულ ცვლილებას გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი.