NGO-ები სალომე ტატიშვილის საქმეზე: სასამართლოს მსჯელობა აბსტრაქტული და არადამაჯერებელი იყო

 
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი 2016 წლის 10 იანვარს გუდაურის სათხილამურო ტრასაზე დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ. პირველი ინსტანციის სასამართლომ პირი, რომელიც გოგოს დაეჯახა, უდანაშაულოდ ცნო, ხოლო NGO-ები მიიჩნევენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა არაერთ შემთხვევაში არადამაჯერებელი იყო. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სააპელაციო სასამართლოს, ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებებს, რომლებიც პირველმა ინსტანციამ მხედველობაში არ მიიღო. „განაჩენში მოყვანილი მსჯელობებიდან იკვეთება, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, მოსამართლის მიერ მტკიცებულებები ინტერპრეტირებული და შეფასებულია ცალმხრივად და ყურადღების მიღმაა დატოვებული არაერთი მოწმის ერთგვაროვანი ჩვენება. სასამართლო ფაქტებს უნდა აფასებდეს ობიექტურად და მიუკერძოებლად, რაც მოითხოვს ყველა მტკიცებულების შეფასებას, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, ვინმესთვის რაიმე უპირატესობის მინიჭების გარეშე“, - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში. 12 წლის სალომე ტატიშვილს, ტრასაზე დაშვებისას უკნიდან შეეჯახა დიდი სიჩქარით მოსრიალე სხვა ახალგაზრდა. მიღებული დაზიანებების შედეგად სალომე ტატიშვილი ადგილზე გარდაიცვალა. გ.ლ-ს, რომელიც სალომეს დაეჯახა, ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც სხვისი სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი წარდგენილ ბრალდებაში. ამ ეტაპზე საქმე თბილისის სააპელაციო საამართლოში განიხილება და 16 აპრილს ჩანიშნულია მორიგი სასამართლო სხდომა. არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებაში საკამათო საკითხებზე მიუთითებენ. „მართლმსაჯულების სამართლიანად აღსრულების მიზნით, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ყურადღება გამახვილდეს იმ საკითხებზე, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არადამაჯერებლად, საეჭვოდ და დაუსაბუთებლად იქნა გადაწყვეტილი/შეფასებული, ან საერთოდ შეფასების გარეშეა დატოვებული. ამ საქმეზე განხორციელებული მართლმსაჯულების სანდოობის და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია თბილისის სააპელაციო სასამართლომ გაამახვილოს ყურადღება ამ ბუნდოვანებებზე და სათანადო შეფასება მისცეს იმ გარემოებებს, რომელიც პირველ ინსტანციაში საქმის განხილვისას არასათანადოდ იყო განხილული და შეფასებული.“ განცხადებას ხელს აწერს: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF) კონსტიტუციის 42-ე მუხლი პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ადამიანის უფლებათა ცენტრი სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)