NGO-ები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას სასამართლოში გაასაჩივრებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტის დადგენილებას, თვითმმართველი ქალაქების სათემო მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების შესახებ, სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ამის შესახებ თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღეს, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. ორგანიზაციები მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილება #987-II, რომლითაც გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები შეიქმნა. სარჩელს დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები საქალაქო სასამართლოში წარადგენენ.
„გარკვეული იმედები გვაქვს, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას, უშუალოდ რამდენიმე დღეში უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, მიიღებს თუ არა წარმოებაში სარჩელს და შემდგომ წარიმართება მსჯელობა იმაზე, თუ რა დარღვევა მოხდა, რამდენად არსებითი იყო ეს დარღვევა, რასაც ჩვენ ვასაბუთებთ, ვინაიდან მოსახლეობასთან კონსულტაციები სწორად არ წარმართულა. რეალურია, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღოს და არჩევნებამდე შეჩერდეს ეს დადგენილება, ვინაიდან შემდეგ უკვე წინასაარჩევნო პერიოდი იწყება. საარჩევნო სუბიექტები უნდა დარეგისტრირდნენ. ცესკომ ოლქების საზღვრები განსაზღვრა, შესაბამისად, არ უნდა შეილახოს პასიური საარჩევნო უფლება და გადაწყვეტილება იმ ადამიანების ინტერესების შესაბამისად უნდა მიიღონ, რომლებიც სურვილს გამოთქვამენ, რომ დარეგისტრირდნენ კონკრეტულ ოლქებში“, - უთხრა „ლიბერალს“ საიას წარმომადგენელმა, ირმა პავლიაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის სავალდებულო მოთხოვნა „შესაბამისი მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან კონსულტაციის“ შესახებ და მოითხოვენ, სასამართლომ ბათილად ცნოს პარლამენტის დადგენილება, ვინაიდან მსგავს რეჟიმში წარმოებული რეფორმის შედეგი არა მხოლოდ ამ რეფორმის ლეგიტიმაციის მიმართ აჩენს შინაარსობლივ კითხვებს, არამედ უშუალოდ პროცედურის კანონიერება დგება კითხვის ნიშნის ქვეშ.
„მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნისა, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 10.2 მუხლის შესაბამისად, საკითხის საჯარო განხილვა მომხდარიყო, ხელისუფლებამ უარი თქვა ამ განხილვებზე, პროცესი, პრაქტიკულად, დახურულ კარს მიღმა წარიმართა და გადაწყვეტილება ფორსირებულად მიიღო. ყოველივე ამით კი დაირღვა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნა მოსახლეობასთან საჯარო კონსულტაციების გამართვის თაობაზე“, - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მათივე განმარტებით, აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, უნდა გაემართა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და არა სხვა რომელიმე ორგანიზაციას. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კი მუნიციპალიტეტებისა და პარლამენტისათვის გაგზავნილ დოკუმენტაციაში მიუთითა, რომ მოსახლეობასთან შეხვედრები „თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ“ გამართა.
„გარდა ამისა, „თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის“ მიერ გაცემულ ოქმში პირდაპირ წერია, რომ მან გამართა 7 რეგიონული შეხვედრა, რომელსაც უმეტესად მერები/გამგებლები, საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრების შესახებ ინფორმაცია მოსახლეობისთვის წინასწარ ცნობილი არ იყო. შესაბამისად, ეს შეხვედრები მათთან კონსულტაციის მიზნით ვერ ჩატარდებოდა. ამასთან, ადგილობრივ მოსახლობასთან შეხვედრები სათემო მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებში ცალ-ცალკე უნდა გამართულიყო“,- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
განცხადებას უერთდება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „სამართლიანი არჩევნები“, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველო“, რეგიონის განვითარების ცენტრი, შიდა მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი და სხვა.