Nirvana-ს ალბომის ყდაზე გამოსახული ჩვილი გაიზარდა და ჯგუფს უჩივის
ლოს-ანჯელესის მცხოვრები, 30 წლის სპენსერ ელდენი, რომელიც Nirvana-ს ცნობილი ალბომის „Nevermind“ ყდაზეა გამოსახული, ჯგუფის ყოფილ წევრებს საბავშვო პორნოგრაფიის გავრცელების გამო უჩივის.
სპენსერ ელდენი საჩივარში ამტკიცებს, რომ მის მშობლებს ცნობილი ფოტოს კომერციულ გამოყენებაზე თანხმობა არასდროს მიუციათ. ის თითოეული მოპასუხისგან მოითხოვს 150 ათასს დოლარს კომპენსაციის სახით - აშკარად სექსუალური ხასიათის პირადი მასალების გავრცელების გამო, რომლისგანაც Nirvana და სხვა მხარეები დღემდე იღებენ კომერციულ სარგებელს. ზიანის ანაზღაურების გარდა, მოსარჩელე მოითხოვს ასევე საქმე განიხილონ ნაფიცმა მსაჯულებმა და მას სასამართლო ხარჯები აუნაზღაურდეს.
ალბომი „Nevermind“ 1991 წელის სექტემბერში გამოიცა და ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად ალბომად იქცა. მის ყდაზე გამოსახულია შიშველი ჩვილი აუზში, რომელიც ანკესზე ჩამოცმული დოლარის კუპიურისკენ მიიწევს. ყდის ფოტოს გადაღებებზე ფოტოგრაფმა ვედლმა მიიწვია თავისი ნაცნობები - ცოლ-ქმარი ელდენები, თავის 4-თვიან შვილთან ერთად. გადაღებებში მონაწილეობისათვის მათ 200 დოლარი გადაუხადეს. „Nevermind“-ის ყდა პოპ-კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადია.
მანამდე, ელდენს არაერთხელ აღუდგენია ფოტო აუზში „Nevermind“-ის იუბილეების აღსანიშნავად და მკერდზე ალბომისსახელწოდებიანი ტატუც გაიკეთა. თუმცა 2016 წლის შემდეგ ამტკიცებდა, რომ მანამდე რამდენჯერმე შეეცადა Nirvana-ს წევრებთან დაკავშირებას რომ ყდისათვის ანაზღაურება მიეღო, მაგრამ არავინ გამოეხმაურა.