PHR: სააპელაციო სასამართლომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირის მოთავსება უკანონოდ მიიჩნია
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება გააუქმა. სააპელაციომ 27 ოქტომბერს გამართულ პროცესზე გაიზიარა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" პოზიცია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა, რომ “ქალაქ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის” შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, არ უნდა დაკმაყოფილდეს და უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება.
ასევე, სასამართლომ მიიჩნია, რომ „პაციენტის სტაციონარში იძულებით მოთავსება უკავშირდებოდა არა პაციენტის დაავადებას, არამედ იმ ოჯახურ კონფლიქტს, რაც წინ უძღვოდა საპატრულო პოლიციის გამოძახებას“. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია შ.კ.-სა და მის მშობელს შორის არსებული დაძაბული ურთიერთობა და ხანგრძლივი ოჯახური კონფლიქტი, რომლის მიზეზსაც პირის რელიგიური მსოფლმხედველობა წარმოადგენდა. PHR-ის იურისტები საქმის გარემოებიდან გამომდინარე, აღნიშნავდნენ, რომ მშობელი წინააღმდეგობას უწევდა პირს ეცხოვრა საკუთარი მრწამსის შესაბამისად და შვილის შიმშილობის ერთადერთ მიზეზად ფსიქიკურ აშლილობას ასახელებდა.
PHR-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარებისას, მტკიცების მაღალი ხარისხი ენიჭება კანონის შესაბამისად შედგენილ ექიმ-ფსიქიატრთა კომისიის დასკვნას, თუმცა, აღნიშნული არ წარმოადგენს ერთადერთ მტკიცებულებას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
"ამ მიმართულებით საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მსჯელობა, რომელიც ერთ-ერთი საქმის განხილვისას მიუთითებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი წარმოადგენს თუ არა საფრთხეს საკუთარი თავისთვის ან/და სხვა ადამიანებისთვის, უნდა შეფასდეს აქტუალური მდგომარეობის გათვალისწინებით და იგი არ უნდა დაეფუძნოს მხოლოდ წარსულში მომხდარ ფაქტებს. ასევე, ევროპულმა სასამართლომ საქმეში სტანევი ბულგარეთის წინააღმდეგ განაცხადა, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისგან მომდინარე საფრთხის შეფასებისას არ არის საკმარისი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ან/და ასეთი პირის აგრესიული ქცევა", - წერია ორგანიზაციის განცხადებაში.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა PHR-ის იურისტების არგუმენტები და საერთაშორისო სტანდარტები პირის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსამართლემ უნდა შეაფასოს გარემოებები, ნამდვილად არსებობს თუ არა არანებაყოფლობითი მკურნალობის მიზნით პაციენტის სტაციონარში მოსათავსებლად კანონით დადგენილი კრიტერიუმები; კერძოდ, პაციენტი არის თუ არა სოციალურად საშიში. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარსულში ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობის ფაქტს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებისას.
"სწორედ აღნიშნულ მსჯელობაზე დაყრდნობით, 27 ოქტომბერს გამართულ პროცესზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ ორგანიზაციის იურიდიული დახმარების ქვეშ მყოფი პირი არ მიიჩნია სოციალურად საშიშად და მის მიმართ გამოცემული არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანება გააუქმა".