PHR-ის განცხადება სურამის ფსიქიატრიულში პაციენტებისათვის იურიდიული დახმარების შეზღუდვაზე

 
ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შეშფოთებას გამოთქვამს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში  მოთავსებული პირებისათვის იურიდიული დახმარების მიღების უფლების შეზღუდვასთან დაკავშრებით, რაც, მათი ვარაუდით, კავშირშია დაწესებულებაში არსებულ ადამიანის უფლებებისა და ღირსების შემლახველ მოპყრობასთან, რომელიც ბოლო პერიოდში გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. 2018 წლის 7 მაისს ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ ა. ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში“ რა დროსაც, მათ არ მიეცათ დაწესებულებაში მოთავსებულ პირებთან შეხვედრისა და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა. ორგანიზაციის ცნობით, აღნიშნული შეზღუდვა არ არის ერთჯერადი ხასიათის. 2018 წლის 27-28 მარტს უფლებადამცველების პაციენტებთან შეხვედრის შეზღუდვა დაფიქსირდა ასევე ხონის (ქუტირის) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, რასთან დაკავშირებითაც, PHR-მა მიმართა სამინისტროს რეაგირების მოთხოვნით. თუმცა მათივე ინფორმაციით, სამინისტროს მიერ არ მოხდა შეზღუდვის მიზეზის განმარტება. „სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვიზიტისას, PHR-სთვის ცნობილი გახდა, რომ დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ვახტანგ ამირანაშვილი, რომლის დაწესებულებიდან სწრაფი ჩამოშორების საჭიროება ჯერ კიდევ 2018 წლის მარტის თვეში არსებობდა, 2018 წლის 4 მაისამდე კვლავ, რჩებოდა დაწესებულების მმართველ რგოლში და დროებითი მმართველი, მხოლოდ დისტანციურად მართავდა ამ პერიოდის განმავლობაში დაწესებულებას“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  ორგანიზაციის შეფასებით, სამინისტროს მიერ სურამის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დროებითი მმართველის დანიშვნა ატარებდა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს, საზოგადოებრივი მღელვარების ჩახშობის განზრახვით და მის რეალურ მიზანს არ წარმოადგენდა დაწესებულებაში მოთავსებული პირების დაცვა უფლებების დარღვევის რისკებისგან. მათივე შეფასებით, სისტემის მხრიდან მსგავსი მიდგომა ადამიანის უფლებების მიმართ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს ეხება, რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფება და შეზღუდული აქვს კომუნიკაცია გარე სამყაროსთან, შემაშფოთებელი და მიუღებელია. ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მოუწოდებს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მცხოვრები ადამიანების უფლებების დაცვას და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პირებისთვის უფლებადამცველებთან შეხვედრის უფლების რეალიზება.