PHR-ის პასუხი პანსიონში შშმ პირებთან იურისტების შეხვედრის შეზღუდვასთან დაკავშირებით

 
დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციაში 12 ოქტომბერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტებს დაწესებულებაში შესვლა დირექტორმა აუკრძალა - ამის შესახებ განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა. იურისტებმა პანსიონატის დირექტორს განუმარტეს, რომ დაწესებულებაში მცხოვრები პირები ორგანიზაციის ადვოკატებთან შეხვედრას სამართლებრივი დახმარების მიზნით ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, დაწესებულების დირექტორმა იურისტებს დაწესებულებაში შესვლისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა მოსთხოვა. ორგანიზაციამ – „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“ მოუწოდა შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და, კანონმდებლობის შესაბამისად, დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის ხელმძღვანელს; ფონდის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულების ხელმძღვანელს გააცნოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და მათგან გამომდინარე მოვალეობები; უზრუნველყოს ინსტიტუციაში მცხოვრები ყველა ადამიანის თავისუფალი და შეუფერხებელი კომუნიკაცია უფლებადამცველ პირებთან. განცხადებას გუშინ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ გამოეხმაურა, სადაც ნათქვამია, რომ PHR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. PHR-მა საპასუხოდ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საზოგადოებრივი და პირველ რიგში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მაღალი  ინტერესიდან გამომდინარე სურთ, გამოეხმაურონ ფონდის პასუხს და გაასაჯაროონ ოქმი, რითაც მტკიცდება, რომ ორგანიზაციის განცხადებაში ასახული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და იურისტებს სწორედ რომ დუშეთის პანსიონატის ხელმძღვანელის მიერ აეკრძალათ პანსიონატში მაცხოვრებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან შეხვედრა. "რაც შეეხება ბენეფიციარების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გახშირებული გადაყვანის ფაქტს, დაწესებულებებში PHR-ის ბოლოდროინდელი ვიზიტების დროს ცნობილი გახდა რამდენიმე ბენეფიციარის მრავალჯერადი გადაყვანის შესახებ, – ერთ-ერთი ამგვარი გადაყვანა კი, სწორედ, უფლებადამცველებთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შეხვედრის შემდეგ მოხდა, –  ჩვენი მხრიდან მონახულებულ იქნა რამდენიმე ბენეფიციარი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, რა დროსაც მათ აღნიშნეს, რომ დაწესებულებების ადმინისტრაციასთან კამათის შედეგად იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მოხდა მათი იძულებით გადაყვანა. აღნიშნულ ფაქტებზე PHR-ის წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს. სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა. რის შემდეგაც ცნობილი გახდება ფსიქიატრიულში ბენეფიციარების გადაყვანის კანონიერების შესახებ სრული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია თანამშრომლობდა და მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვან სახელმწიფო აქტორთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ეფექტური დაცვის მიზნით. PHR კიდევ ერთხელ, მოუწოდებს ფონდს, ყურადღებით მოეკიდოს მომხდარ ფაქტს და იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად, რათა ამგვარ კანონდარღვევას აღარ ჰქონდეს ადგილი. ფონდის ადეკვატური რეაგირება აუცილებელია პირველ რიგში იმისათვის, რომ პანსიონატში მცხოვრებ სრულწლოვან ადამიანებს საშუალება მიეცეთ განახორციელონ მათი უფლებები და სახელმწიფო დაწესებულებების ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეხვდნენ და ესაუბრონ უფლებადამცველებს, ხოლო მეორე მხრივ იმისთვის, რომ გაიფანტოს ყოველგვარი ეჭვი დაწესებულებაში ადამიანის უფლებების არასათანადო დაცვის შესახებ", - წერია PHR-ის განცხადებაში.