PPE-ის პროექტი: საქართველოს მონაწილეობის დადასტურება ასოცირების სულისკვეთების დარღვევა იქნება
„ევროპარლამენტი ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც ამ უკანასკნელმა ჟურნალისტის გატაცებაში ქართული მხარის სავარაუდო მონაწილეობის გასარკვევად უნდა გაიღოს. ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ეს სერიოზული დარღვევა იქნება საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების სულისკვეთებისა, ევროპული ღირებულებებისა და პრინციპებისა; ამასთან იგი სერიოზულ ზიანს მიაყენებს რეპუტაციასა და სანდოობას საქართველოსი, რომელიც ერთგულია ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის" - ნათქვამია ევროპარლამენტის „ევროპის სახალხო პარტიის" მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესახებ მომზადებული რეზოლუციის პროექტში, რომელსაც კენჭს ხვალ სხვა პარტიების მიერ მომზადებულ პროექტებთან ერთად უყრიან.
ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საქმეზე 15 ივნისს პლენარულ სხდომაზე იმსჯელებს
პროექტის თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია" გმობს აფგან მუხთარლის გატაცებას თბილისში და ბაქოში მის წინასწარ პატიმრობაში დატოვებას. პარტია მიიჩნევს, რომ ეს ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევაა. პარტია მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი კანონდარღვევაა, ისევე, როგორც აზერბაიჯანის მიერ ნაკისრი ვალდებულებებს დარღვევა საერთაშორისო დონეზე.
„ევროპის სახალხო პარტია" საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ, სიღრმისეულად და გამჭვირვალედ, ეფექტიანად გამოიძიოს მუხთარლის საქართველოში გაუჩინარების საქმე და აზერბაიჯანში მისი სავარაუდოდ არალეგალურად გადაყვანის ფაქტი, ისევე, როგორც სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მის მიმართ და დასაჯოს შესაბამისი პირები კანონის შესაბამისად.
რეზოლუციის პროექტის თანახმად, „ევროპის სახალხო პარტია" მკაცრად გმობს აფგან მუხთარლის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნას ცრუ ბრალდებების საფუძველზე. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მას დევნიან ხელისუფლების მიმართ კრიტიკული ჟურნალისტური საქმიანობის გამო, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა.
მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე გაათავისუფლოს აფგან მუხთარლი ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, რომელიც ფუნდამენტური უფლებებით სარგებლობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობის გამო არის დაპატიმრებული.
ახსენებს საქართველოს ხელისუფლებას პასუხისმგებლობას, რომ უნდა უზრუნველყოს იმ არამოქალაქე პირთა უსაფრთხოება, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რადგან საკუთარი უფლებებით სარგებლობის ან პოლიტიკური აქტივობის გამო თავიანთ ქვეყანაში სერიოზული სასჯელი ელით. ამ თვალსაზრისით, „ევროპის სახალხო პარტია" მიუთითებს ადამიანის უფლებათა კონვენციის მესამე მუხლზე, რომლის ხელმომწერიც საქართველოცაა და რომელიც ადგენს, რომ დაუშვებელია იმ პირის ექხტრადიცია, დეპორტაცია ან გაგდება იმ ქვეყანაში, სადაც იგი შესაძლოა აწამონ, არაადამიანურად მოეპყრონ ან დასაჯონ.
შესწორება: „ლიბერალის" მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალაში, ასევე მის სათაურში ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული რეზოლუციის სამუშაო ვერსია სრულიად ევროპარლამენტს ეკუთვნის. ეს პროექტი, რომელიც „ევროპის სახალხო პარტიისაა" ევროპარლამენტის ვებგვერდზე სხვა პარტიების განცხადებებთან ერთად გამოქვეყნდა.
სხვა პარტიების პროექტები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.