TI: 10 შენიშვნა საპენსიო რეფორმაზე

 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შენიშვნებსა და რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: შენიშვნები და რისკები რეკომენდაციები 1. პარლამენტმა არ მიიღოს კანონი, სანამ რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) კვლევა არ ჩატარდება. კვლევა უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ალტერნატიულ სცენარებს, სადაც ნაჩვენები იქნება, რა ნაკლოვანებები და უპირატესობები აქვს დღეს არსებულ და შემოთავაზებულ მოდელებს. შესწავლილი უნდა იყოს დაგროვებითი პენსიის სავალდებულო და არასავალდებულო მოდელების სხვადასხვა ვარიანტებიც. 2. რომ არ მოხდეს სამუშაო ძალის გაძვირება, უმუშევრობის წახალისება და დღეს არსებული განკარგვადი შემოსავლების შემცირება, საპენსიო შენატანის განხორციელება უნდა დაკომპენსირდეს საშემოსავლო გადასახადის შემცირებით. ამ შემთხვევაში კონსტიტუციის დარღვევის რისკიც მოიხსენება. 3. დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობა უნდა იყოს ნებაყოფლობითი და სქემაში ჩართვის წახალისებისთვის, სახელმწიფოს შეუძლია შეიმუშაოს გარკვეული საგადასახადო შეღავათები (ეს შეღავათები უნდა გავრცელდეს კერძო საპენსიო სისტემაში ჩართვის შემთხვევებზეც). ნებაყოფლობითი დაგროვებითი პენსიის სამართლიანობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ „საპენსიო სისტემის რეფორმის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების“ კვლევის ფარგლებში გამოკითხული მოსახლეობის 65% სწორედ ნებაყოფლობითი სქემის მომხრეა. 4. საპენსიო რეფორმა არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია მეტი საჯარო დისკუსია დაინტერესებულ პირებთან, რომ რეფორმას ჰქონდეს ნდობა და იყოს მდგრადი გრძელვადიან პერიოდში. --- მიმდინარე დღეებში საქართველოს პარლამენტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს იხილავს, რომლის თანახმად, 2018 წლის პირველი ივლისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება. 40 წლამდე დაქირავებით დასაქმებული საქართველოს მოქალაქეებისთვის საპენსიო სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელფასის 2% საპენსიო შენატანში უნდა მიმართონ. ამასთან, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დასაქმებულის ხელფასის 2%. გარდა ამისა, სახელმწიფო ვალდებული იქნება დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს ხელფასის 2% ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის იმ მოცულობაზე, რომელიც არ აღემატება 24 000 ლარს წელიწადში, ხოლო ხელფასის 1% ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის 24 000-დან 60 000 ლარამდე მოცულობაზე. 40 და მეტი წლის ასაკის მოქალაქეებისათვის, ასევე თვითდასაქმებულებისათვის, დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. საპენსიო სქემის განხორციელებაზე და ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი სსიპ „საპენსიო სააგენტო“ იქნება. საპენსიო აქტივების ინვესტირებაზე პასუხისმგებელი საინვესტიციო საბჭო იქნება, რომლის გადაწყვეტილებით საპენსიო აქტივები სხვადასხვა დონის რისკიანობის ფინანსურ აქტივებში (დეპოზიტები, ობლიგაციები, აქციები და ა.შ.) განთავსდება.