TI მოუწოდებს პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებზე
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტებზე, მათ შორის, დაადგინოს „რუსთავი 2-ის“ ეთერში ნაჩვენები ჩანაწერების ავთენტურობა. ორგანიზაცია ასევე მიმართავს ცესკოს და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებს, რომ მიიღონ სათანადო დისციპლინარული ზომები ჩანაწერებში ნაჩვენები საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ.
„15 დეკემბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერით გავიდა რეპორტაჟი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ვიდეო ჩანაწერები, თუ როგორ აყალბებდნენ ზოგიერთი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საპრეზიდენტო არჩევნებს სხვადასხვა გზით. არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ვიდეო ჩანაწერების მეშვეობით, შესაძლებელია იმ ადამიანთა იდენტიფიცირება, რომლებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული“, - აცხადებს „საერთაშორის გამჭვირვალობა საქართველო“.