UNICEF: საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს
ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ხოლო ყოველი მეექვსე ბავშვი საარსებო მინიმუმზე ნაკლებს მოიხმარს - ეს არის გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის შედეგი.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა ტარდება ყოველ ორ წელიწადში ერთხელ და სწავლობს ოჯახებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე. 2015 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის,მატერიალური დეპრივაციის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის მაჩვენებლები.
უკიდურესი სიღარიბის (1.25 აშშ დოლარი დღეში, რაც სამ ლარზე ნაკლებია) დონე შემცირდა 2013 წელთან შედარებით 3.9-დან 2.1 პროცენტამდე მოსახლეობაში, ხოლო 6-დან 2.5 პროცენტამდე - ბავშვებში.
მოკვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები კვლავ უფრო მეტად დგანან სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე ზოგადად, მოსახლეობა, ან პენსიონერები. ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები 50%-ით უფრო მაღალია სოფლებში, ვიდრე ქალაქებში. განსხვავება დიდია სოციალური ტრანსფერების თვალსაზრისითაც: უბავშვო შინამეურნეობები თვეში ერთ ეკვივალენტურ ზრდასრულ პირზე, საშუალოდ, 97.9 ლარს იღებენ სოციალური დახმარების სახით მაშინ, როცა, ბავშვიან შინამეურნე- ობებში ეს თანხა, საშუალოდ, 39.9 ლარს შეადგენს.
2015 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მოდელის მიხედვით, კვლევის წინა სასწავლო წლის განმავლობაში საბავშვო ბაღებში 3-5 წლამდე ბავშვების 62.3% დადიოდა. მათგან 96.7% სახელმწიფო ბაგა-ბაღებში, 3.3% კი - კერძო ბაგაბაღებში. დასწრების მხრივ გოგონებსა (63.3%) და ბიჭებს (61.5%) შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის.
3-დან 5 წლამდე ბავშვთა 18% ვერ იღებს სკოლამდელ მომსახურებას რაიონში საბავშვო ბაღის არარსებობის, ან დაწესებულებაში თავისუფალი ადგილების არქონის გამო.
ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევები სოფლებში უფრო ხშირია (20.7%), ვიდრე ქალაქებში (1.9%). მეორე მხრივ, ქალაქელ ბავშვთა 11.3% მომლოდინეთა სიაშია შეყვანილი სკოლამდელ დაწესებულებებში თავისუფალი ადგილების არარსებობის გამო. სოფ- ლებში ამ პრობლემის წინაშე ბავშვთა 2.7% დგას.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საბავშვო წიგნებზე ქალაქის ბავშვებს უფრო მიუწვდებათ ხელი, ვიდრე სოფლად მცხოვრებ ბავშვებს. 3-დან 5 წლამდე ბავშვების პროცენტული წილი, რომლებსაც სამი ან მეტი საბავშვო წიგნი აქვთ ქალაქებში 70.9%-ს შეადგენს, სოფელში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 40.3%-ია. კვლევის ავტორების აზრით, საბავშვო წიგნების პროცენტული მაჩვენებელი უშუალო კავშირშია კეთილდღეობის ინდექსთან;