აბესაძე: არის გარკვეული ფაქტები, რომლებზეც არასრულწლოვნები არ საუბრობენ

 
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ არასრულწლოვნები შესაძლოა, განმეორებით გამოკითხოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომისიის წევრმა ირაკლი აბესაძემ განუცხადა. კომისიამ დღეს დასაკითხი არასრულწლოვნებიდან 3 უკვე დაკითხა.  ირაკლი აბესაძის თქმით, დღევანდელი გამოკითხვით, პრაქტიკულად, არასრულწლოვნების გამოკითხვა სრულდება, თუმცა ის არ გამორიცხავს, რომ განმეორებითი გამოკითხვები გახდეს საჭირო.  მისივე თქმით, არიან არასრულწლოვნები, რომლებიც კომისიამ იმის გამო ვერ გამოკითხა, რომ ისინი საზღვარგარეთ იმყოფებიან.  „ამ გამოკითხვებით მნიშვნელოვანწილად დასტურდება ის გარემოებები და ის ფაქტები, რომლის შესახებაც წინა გამოკითხვების დროს მივიღეთ ინფორმაციები. მათ შორის არის გარკვეული ფაქტები, რომლებზეც არასრულწლოვნები არ საუბრობენ, აქედან გამომდინარე, ყველაფერი ამის შეფასება კომისიას მოუწევს თავის საბოლოო დასკვნაში, რომელზე მუშაობასაც უკვე უახლოეს დღეებში კომისია დაიწყებს. კომისია ვალდებულია გამოკითხოს ყველა ის ფიგურანტი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებზე ინფორმაცია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად ყველა არასრულწლოვანი, რომელიც იმყოფებოდა ჩხუბის ადგილას ან იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიებზე და ჰქონდათ შეხება ჩხუბში მონაწილე ადამიანებთან, გამოვკითხოთ და მივიღოთ მათგან ინფორმაცია იმაზე რა მოხდა ხორავას 4 ნომერში", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.  აბესაძის განმარტებით, არასრულწლოვნების გამოკითხვიდან გამომდინარე, ჩნდება შთაბეჭდილება, რომ მათ უნდა ჰქონდეთ გარკვეულ გარემოებებზე ინფორმაციები, თუმცა ისინი ამ ფაქტებს ვერ იხსენებენ ან არ სურთ საუბარი. „მთელი ამ გაკითხვების განმავლობაში, არასრულწლოვნებზე რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ბევრ მათგანს შესაძლებელია ჰქონდეს ინფორმაცია მომხდარი გარემოებების შესახებ, თუმცა ისინი ვერ იხსენებენ ამ ფაქტებს, ერთი - იმის გამო, რომ ძალიან დიდი დროა გასული ამ გარემოებების შემდეგ და თავის დროზე ისინი პოლიციამ არ დაკითხა თანმიმდევრულად ან საერთოდ არ დაკითხა და მეორე - მათ არ სურთ ამ გარემოებებზე საუბარი", - აღნიშნა აბესაძემ.