აჭარის სამმართველოს უფროსი დაკითხეს - „ღოღობერიძემ მთხოვა, პატრულს არ დაეჯარიმებინა"

 
აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა ბუხრაძე 16 მარტს დაკითხეს. გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში იგი „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელ მერაბ ღოღობერიძესთან შეხვედრაზე საუბარობს. მისი თქმით, მერაბ ღოღბერიძემ სთხოვა, პოლიციას არ დაეჯარიმებინა იმის გამო, რომ ავტომობილს მართვის მოწმობის გარეშე მართავს, რაზეც უარი განუცხადა, სანაცვლოდ კი ღოღობერიძე დაემუქრა, რომ მალე კორუფციაში ამხელდა.  მისივე განმარტებით, ღოღობერიძე მისგან სარფის საბაჟოზე ტრაილერების შეუფერხებლად გატარებას ითხოვდა. იგი ამბობს, რომ შეურაცხყოფილია ბრალდებით, თითქოს მან განაცხადა, რომ „თათრებში წესრიგს ამყარებს". 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 353-ე მუხლით დაიწყო. 225-ე მუხლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს, 353-ე მუხლი კი  - წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.