ადამიანის უფლებათა ცენტრი: ირღვევა დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია

 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მედიისთვის საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსანი წევრების მიერ გავრცელებული განცხადებებით, უხეშად დაირღვა დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია. რამაც, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების წინასწარი აზრის ფორმირებაზე და საფრთხე შეუქმნას სამართლიან და მიუკერძოებელ სამართალწარმოებას. „საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და სხვა პარლამენტარების მიერ გამოთქმული შეფასებები, რომ მზადდებოდა და აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ, არღვევს აღნიშნულ საქმეში დაკავებულის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.  ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს: „ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“.   აღნიშნულ საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უცნობია დაკავებული დეკანოზის პოზიცია. ინფორმაციას მედიას ვერ აწვდის მისი ადვოკატიც, რადგან პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა (თუმცა, უცნობია, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს თუ არა). მედიაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, რომელთა ნაწილი არათუ დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობას აყენებს ეჭვის ქვეშ, არამედ თვითონ დანაშაულსაც“,- ნათქვამია განცადებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ამჟამად რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან იმყოფება.