აფგან მუხთარლის საქმეზე ჟურნალისტები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ

 
60 ჟურნალისტის მოთხოვნა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმესთან დაკავშირებით მთავრობის კანცელარიაში დღეს შეიტანეს. ჟურნალისტები გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.  „ჩვენ, ჟურნალისტები ვგმობთ აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცების ფაქტს. აფგან მუხთარლის თქმით, ის თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და გადაიყვანეს აზერბაიჯანში. ამასთან, საგამოძიებო უწყებაში მიყვანისას, მისი ადვოკატის განცხადებით, მას აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები.  ჩვენ ვშიშობთ, რომ აფგან მუხთარლის ჯანრთელობა და სიცოცხლე ამჟამად საფრთხეშია. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მის გატაცებაში მონაწილეობდნენ ქართული სპეცსამსახურის წარმომადგნელები. თავად მუხთარლიმ ადვოკატს განუცხადა, რომ გამტაცებლები საუბრობდნენ ქართულად და ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმები. ეს ფაქტები არა მარტო დიდ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, არამედ მნიშვნელოვნად აუარესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს საქართველოში. ევროპარლამენტარები, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნიდან მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დროულად, ეფექტურად და გამჭვირვალედ გამოიძიოს ეს ფაქტი. გამოძიება კი ჭიანურდება. უფრო მეტიც, აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადებით, საქმის მასალებში არ არის გატაცების ადგილიდან ამოღებული ვიდეომასალები, ხოლო გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალები დაზიანებულია. ჩვენ დღემდე ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და არგუმენტირებული ინფორმაცია საგამოძიებო უწყებიდან, თუ როგორ გაუჩინარდა აზერბაიჯანელი ჟურნალისტი თბილისის ცენტრიდან და გადაკვეთა საზღვარი პასპორტის გარეშე? ამ კითხვებზე პასუხებს ჟურნალისტები ვითხოვთ უკვე მე-17 დღეა. ჩვენ, ვითხოვთ აფგან მუხთარლის საქმის დროულ და გამჭვირვალე გამოძიებას. გამოძიების პროცესში მოპოვებული მასალის გასაჯაროებას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას. ბატონო პრემიერო, ჩვენ, ჟურნალისტები, ვითხოვთ თქვენთან შეხვედრას, რათა ამ საკითხებზე მივიღოთ შესაბამისი ინფორმაცია”,- წერია მიმართვის ტექსტში.