აფგან მუხთარლის საქმის გამოძიების მოთხოვნით, ადვოკატი დღეს პროკურატურას მიმართავს
დღეს, აფგან მუხთარლის საქმის მთავარი პროკურატურისთვის გადაცემის მოთხოვნით საგამოძიებო უწყებას ოჯახის ადვოკატი განცხადებით მიმართავს. ამჟამად საქმეს ძველი თბილისის პოლიციის სამმართველო იძიებს.
„ჩადენილია დანაშაული არაერთ მუნიციპალიტეტში საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე, აფგანი მიუთითებს, რომ ის გაიტაცეს პოლიციისფორმიანმა ადამიანებმა. ძალით ჩასვეს და მას ნეკნები აქვს დამტვრეული, ამ ძალადობის შედეგად, და მესამე, თვით საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვინაიდან ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც კი აკეთებს ამ საკითხზე განცხადებას და ამ გატაცების გამოძიების აუცილებლობაზე მიუთითებს მთავრობას, აუცილებელია, რომ ეს მთავარმა პროკურატურამ სრულყოფილად განახორციელოს,“ - განუცხადა „რუსთავი 2-ს“ აფგან მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.
დღესვე ადვოკატი და ჟურნალისტის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა პოლიციაში აპირებენ მისვლას, სადაც ოჯახისთვის შეთავაზებულ უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
„ადვოკატის დახმარებით საჩივარს მთავარ პროკურატურაში შევიტან. ასევე პოლიციაში ვაპირებთ მისვლას, სადაც ჩვენი უსაფრთხოების საკითხების განხილვის მიზნით დაგვიბარეს. მოქალაქეობის მიღებაზე უარი ვთქვი, რადგან ვერ ვიქნები იმ ქვეყნის მოქალაქე, საიდანაც ჩემი მეუღლე გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩემი უსაფრთხოებისთვის შემომთავაზეს პირადი მცველის აყვანა, ასევე ჩემს საცხოვრებელ სახლთან ვიდეოკამერების დამონტაჟება. ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია. ვიმედოვნებ, ეს გამოძიება ღიად და სამართლიანად ჩატარდება,” - განუცხადა „რუსთავი 2-ს“ ლეილა მუსტაფაევამ.
3 ივნისს აფგან მუხთარლის საქმეზე განცხადება პრემიერმა გაავრცელა, რომელმაც პრეზიდენტს მოუწოდა, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიანიჭოს მუხთარლის ცოლსა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.