აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან სრული დატვირთვით ამუშავდება

 
აგარის შაქრის კომპანიისა და ბიზნესომბუდსმენის ერთობლივი განცხადებით, აგარის შაქრის ქარხნის ყველა თანამშრომელი სამუშაო ადგილს დაუბრუნდება. საქართველოს მთავრობასა და აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლებს შორის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ჩართულობით, მოლაპარაკება შედგა, - აგარის შაქრის კომპანია და ბიზნესომბუდსმენის აპარატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „შედეგად, შემუშავდა მხარდაჭერის პაკეტი. სწორედ ამ პაკეტის დახმარებით, აგარის შაქრის ქარხანა 1 ივნისიდან მუშაობას განაახლებს. ყველა ის ადამიანი, ვინც აგარის შაქრის ქარხნის კონსერვაციამდე ქარხანაში მუშაობდა, დაუბრუნდება სამუშაო ადგილს. აგარის შაქრის ქარხანაში მაისში ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისთვის, რომ 1 ივნისიდან ქარხანა სრული დატვირთვით ამუშავდეს", - ნათქვამია განცხადებაში. აგარის შაქრის ქარხანამ 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა მუშაობა და გადავიდა კონსერვაციაზე. შესაბამისად, აგარის შაქრის კომპანიამ თანამშრომლებთან შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა. ქარხანა კონსერვაციაზე საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო გადავიდა.