ალასანია: მართალი კაცები სახეს არ კარგავენ - პრემიერმა სახე დაკარგა
„მართალი კაცები სახეს არ კარგავენ - ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრმა სახე დაკარგა“,- ასე პასუხობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ალასანია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელშიც პრემიერმა მას „უჭკუო, ამბიციური და ავანტიურისტი“ უწოდა.
„გულდასაწყვეტია, რომ პრემიერ-მინისტრი ყველანაირ კორექტულობას გასცდა. მე მაინც მეძვირფასება ერთად გატარებული პერიოდი, ჩემს კოლეგებსა და მთავრობასთან ერთად და, ბუნებრივია, მათ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ“, - ამბობს ალასანია.
„მიუხედავად იმისა, რომ იმ ნაბიჯებმა, რაც პროკურატურამ გადადგა, ჩვენი გზები გაყო, მოვუწოდებ, კორექტულობის ფარგლებში დარჩნენ. მე იმავეთი ვერ ვუპასუხებ. პატივს ვცემ ინსტიტუციებს“, - ალასანია მოუწოდებს პრემიერს, მეორეჯერ ასეთი რამ აღარ გააკეთოს.
„ეს არასწორია ჩემს მიმართაც, ქვეყნის მიმართაც და თავისი კოლეგების მიმართაც. დარწმუნებული ვარ, მისი დღევანდელი განცხადება პოზიტიურად არ აღიქმება“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.