ამერიკის საელჩო აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეხმაურება
საქართველოში ამერიკის საელჩო აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეხმაურება. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საელჩო მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულება და გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე.
„მომავალ კვირას 10 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც რუსეთის შეიარაღებული ძალები საქართველოში საერთაშორისო საზღვრის გადმოლახვით შეიჭრა და შეეცადა, ეს საზღვრები ძალის გამოყენებით შეეცვალა.
რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი შევიდა ქალაქ გორსა და კონფლიქტის ზონიდან მოშორებულ სხვა ადგილებში, მაგალითად ფოთის პორტში - შორს მთავარი საბრძოლო არეალიდან.
რუსეთმა, ასევე, დაიკავა აფხაზეთის ის ბოლო მონაკვეთი, რომელსაც საქართველო აკონტროლებდა და სადაც ბრძოლა არ მიმდინარეობდა.
რუსეთის თავდასხმა საქართველოზე დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთის არმია შეიჭრა სხვა სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მისი ძალისმიერად შეცვლის მიზნით.
რუსეთი დღემდე იკავებს საქართველოს ტერიტორიას.
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები ომამდელ პოზიციებზე. ეს ვალდებულება რუსეთმა 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აიღო“,- ნათქვამია განცხადებაში.