ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ივლისში ეწვევა

 
„მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი საქართველოს ეწვევა!" - ამ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.   ვიცე-პრეზიდენტი შეხვდება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და სხვებს. ასევე, მოინახულებს ამერიკელ და ქართველ სამხედროებს, რომლებიც მონაწილეობენ „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში. მაიკ პენსი ესტონეთს, საქართველოსა და მონტენეგროს 30 ივლისი-2 აგვისტოს პერიოდში ეწვევა. „ორი თვის წინ საქართველოს დელეგაციის ვიზიტის დროს აშშ-ში, მაიკ პენსთან ჩემი შეხვედრისას ვთხოვე მას, ვიზიტით სწვეოდა ჩვენს ქვეყანას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი აშშ-ის მხრიდან საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის კუთხით", - აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.  საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 8 წლის წინათ, 2009 წლის ივლისში იმყოფებოდა. ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, იგი საქართველოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა.