ანა დოლიძეს შესაძლოა იუსტიციის საბჭოს უფლებამოსილება შეუწყდეს - გვრიტიშვილი პრეზიდენტს მიმართავს

 
შესაძლოა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს საბჭოს უფლებამოსილება შეუწვიტონ. ამის შესახებ მოთხოვნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გაუგზავნა. აღნიშნულის შესახებ მიმართვა საბჭოს წევრებს დიმიტრი გვრიტიშვილმა წარუდგინა.   გვრიტიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტისადმი ამ მიმართვის მთავარი მიზანი ის გარემოებაა, რომ დოლიძე პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. ეს კი საბჭოს წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელია. გვრიტიშვილს ამის დასამტკიცებლად ანა დოლიძის განცხადება მოჰყავს, სადაც ის პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვს.   იუსტიციის საბჭოს წევრების მიერ პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში ასევე ნათქვამია, რომ:  „ანა დოლიძე სისტემატურად არღვევს საჯარო მოსამსახურის ეთიკას და მისი ქმედებები არამხოლოდ სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციისკენაა მიმართული, არამედ ზიანს აყენებს მის თანამდებობაზე დამნიშნავ მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს, საქართველოს პრეზიდენტსაც“, - წერია წერილში, რომელიც პრეზიდენტს გაუგზავნეს. შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ანა დოლიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ დანიშნული წევრია.  „იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება ანა დოლიძეს და მის პროფესიონალიზმს, ამაზე შემიძლია მართლა ბევრი ვისაუბრო. ახლა იმ როლით ამაყი ვარ, რომელსაც ანა დოლიძე სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში ასრულებს. უაღრესად მიხარია, რომ ჩემმა შერჩეულმა კანდიდატმა ასეთი რთულ ვითარებაში, ასეთი პრინციპული როლი ითამაშა. მისი ყოველი გამოსვლისას ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში ვრწმუნდები,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.