არ მომხდარა აქციის მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით გაფრთხილება - ომბუდსმენი
საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატი აქტიურად აკვირდებოდა ქვეყანაში რუსი დეპუტატების ჩამოსვლისა და რუსეთის ოკუპაციის გასაპროტესტებლად გამართულ აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებს.
ომბუდსმენის თქმით, აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მანიფესტანტებმა პარლამენტის შენობაში შესვლა სცადეს, რასაც ადგილზე მობილიზებულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებთან მწვავე დაპირისპირება მოყვა. სახალხო დამცველმა მოუწოდა ხელისუფლებას, ძალადობის ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, გადაედგა დროული პოლიტიკური ნაბიჯები. ასევე, მოუწოდა აქციის მონაწილეებს, შეეწყვიტათ ძალადობრივი ქმედებები ხოლო პოლიციას, არ გამოეყენებინა არაპროპორციული ძალა.
„საბოლოოდ, ხელისუფლებამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, რის შედეგადაც ორასზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
ცალკე შეფასების საგანია მიმდინარე მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და დაშავების ფაქტები. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით შეწყვეტის შედეგად დაშავდა მედიის 33 წარმომადგენელი. რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როცა ისინი სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის წარმომადგენლები იყვნენ.
ამ დროისთვის სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს პოლიციის სამმართველოებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. დადგინდა 121 დაკავებული პირის ადგილსამყოფელი. მოინახულეს 63 დაკავებული მოქალაქე.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები მივიდნენ თბილისის 6 საავადმყოფოში; შეხვდნენ და ესაუბრნენ ექიმებს, კლინიკის ადმინისტრაციასა და აქციის დაშლისას დაშავებულ მოქალაქეებს. სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ კლინიკებში სულ რეგისტრირებული იყო აქციისას დაშავებული 217 პაციენტი. აქედან 80 დაშავებული პოლიციელი იყო. სახალხო დამცველის რწმუნებულების ვიზიტისას კლინიკებში რჩებოდა 54 დაშავებული პირი (მათ შორის, 8 პოლიციელი). ვიზიტისას მიღებული ინფორმაციით, ძირითადი დაზიანებები მიყენებულია თავის და ზედა კიდურების არეში, მათ შორის გაბნეული ჭრილობები. რამდენიმე მათგანი რჩებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში, მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიყენებული დაზიანებები არ იყო თანხვედრაში რეზინის ტყვიებით მიყენებულ ტიპიურ დაზიანებებთან და საჭიროებს შემდგომ შეფასებას, " - ამბობს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველი მიმართავს:
საქართველოს გენერალურ პროკურატურას
საქართველოს მთავრობას
თბილისის საქალაქო სასამართლოს