არასრულწლოვანი პოლიციას ცემასა და გაუპატიურების მუქარაში ადანაშაულებს
არასრულწლოვანი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ადვოკატებთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა. არასრულწლოვნის თქმით, ის ქურდობის ბრალდებით იყო დაკავებული და აღიარების მოთხოვნით, პოლიციელებმა სცემეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
„მათ გააგრძელეს შეურაცხყოფა, ფურთხება, გინება და მუქარა, რომ თუ არ იტყვი, ვინ იყო შენთან ერთად და ის დანარჩენი ოქრო სად იმალება, ბოთლზე დაგსვამთ. როდესაც ეს მითხრეს, ერთ-ერთი ადამიანი მეორე ოთახში გავიდა და გამოიტანა ბოთლი... მოვიდნენ და მეჯიკავებოდნენ, რომ სკამიდან ავეყენებინე.
შარვალს როდესაც მხდიდნენ, ამ ბოთლს მადებდნენ, თან ვიდეოსაც იღებდნენ მაგ დროს. როდესაც წინააღმდეგობა გავუწიე, დამაგდეს, მცემეს, ვყვიროდი, ხელი მომტყდა, არავის სჯეროდა და უფრო მირტყამდნენ, გვატყუებსო. როდესაც მაიკა გამხადეს, როდესაც მოტეხილი ხელი დაინახეს, შეეშინდათ და გაიქცნენ. ერთ-ერთი დარჩა, რომელმაც წამიყვანა და გზაში მაგინებდა, მირტყამდა მოტეხილ ხელში.
როდესაც შევიდა საავადმყოფოში, მშობლების გარეშე არ მივიღებთო და ეს გამწარებული რომ ჩაჯდა მანქანაში, აი, რა დამმართეო, შენ გამო უნდა ვირბინოთ და ფული უნდა გადავყაროთო, მეუბნებოდა. რაც ახლა იმათ გითხრეს და ვერ გააკეთეს, ახლა მე რომ მიგიყვანო, გაგაუპატიურებთ და ვიდეოსაც გადავიღებთო. რაღაც წამალი იყო, მაგას დავლევთო, ისე შენთან ვერ მოვალო,“ - განაცხადა არასრულწლოვანმა პრესკონფერენციაზე.
„ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, რომ გათავისუფლებულია 2 პოლიციელი და აღნიშნულ საქმეს პროკურატურა იძიებს.
ადვოკატების, ზაზა ხატიაშვილისა და ფრიდონ სუხიაშვილის თქმით, ისინი 18 საათზე ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან საპროტესტო აქციას გამართავენ.