არავისზე არ ვარ გაბუტული - ზურაბიშვილი ინაუგურაციის თელავში გამართვაზე
არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა, - გაუცხადა ჟურნალისტებს არჩეულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინაუგურაციის თელავში გამართვასთან დაკავშირებით.
„იმ ადგილის ამორჩევა, სადაც ნაკლებმა ადამიანმა მომცა ხმა, იმის სიმბოლური დასტურია, რომ მე ვარ ყველას პრეზიდენტი. არავისზე არ ვარ გაბუტული, თუნდაც არ მომცეს ხმა. მივიჩნევ, რომ ინაუგურაციის რეგიონში გამართვა არის ძალიან სწორი. ქვეყანაში, პრინციპში ყველაფერი ტარდება თბილისში და ეს სწორი არ არის. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ თელავის იმ ამომრჩევლისთვის, რომლებმაც არ მომცეს ხმა, ეს არის გზავნილი მთელი იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც თავი შეიკავა ჩემთვის ხმის მიცემისგან და სხვადასხვა პარტიას დაუჭირა მხარი, რომ მე მათი პრეზიდენტიც ვიქნები. ამისთვის მზად ვარ და ეს არის ამის მაჩვენებელი," - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, მომხრეა, რომ ინაუგურაცია სადა სცენარით და ევროპული ფორმით წარიმართოს.
როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ინაუგურაციის სცენარებზე სპეციალური კომისია მუშაობს, რომლის წევრებიც სცენარების ვერსიებს მას დღეს ან ხვალ გააცნობენ.
„კომისია არის შექმნილი და მოსამზადებელ ეტაპზე არის პასუხისმგებელი. კომისიაში შედის ყველა ის უწყება, რომელიც დაკავშირებულია ინაუგურაციასთან. ასევე, ალბათ, დღეიდან დაიწყება სცენარებზე მუშაობა, რომელიც მე უნდა გამაცნონ დღეს ან ხვალ, სცენარების რა ვარიანტები არსებობს. მომხრე ვარ, რაც შეიძლება სადა სცენარის, რასაც მე მივიჩნევ ევროპულ ფორმად. არ მინახავს არც ერთი სცენარი. ალბათ არის სხვადასხვა ვარიანტი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.